ვახტანგ ჭარაია: Global Finance -ის შეფასება საქართველოს, როგორც რეფორმატორი და წარმატებული ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, Global Finance – ის მიერ საქართველოს დადებით კონტექსტში ხსენება მთელი მსოფლიოს ფინანსური წრეებისთვის პოზიტიური სიგნალის გაგზავნას შეუწყობს ხელს.
„Global Finance – ის მიერ საქართველოს დადებით კონტექსტში ხსენება მთელი მსოფლიოს ფინანსური წრეებისთვის პოზიტიური სიგნალის გაგზავნასა და საქართველოს, როგორც რეფორმატორი და წარმატებული ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ახალ ინვესტიციებსა და, შედეგად, ახალ სამუშაო ადგილებში, აგრეთვე, გაზრდილ საბიუჯეტო შემოსავლებში შეიძლება, გამოისახოს”, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოს, როგორც არასდროს, ესაჭიროება მძლავრი ფინანსური ნაკადების შემოდინება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, რეგიონული დისბალანსის აღმოფხვრა, კონკურენტუნარიანი საექსპორტო და იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოება, რადგან საქართველომ შეძლოს ჩინეთსა და ევროკავშირთან მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების სრულფასოვანი ამოქმედება და ამით არა მხოლოდ თავისი კეთილდღეობის, არამედ მსოფლიო ეკონომიკის გაძლიერებაში თვისი წვლილის შეტანა.
აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance – მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნესრეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემამ საქართველო მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნული ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის.