ოდესის ტრაგედია: დამოუკიდებელი გამოძიების პირველი დასკვნები
2 მაისს, ოდესაში ,,ევრომაიდანის“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. მინიმუმ 48 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა. მომხდარ შეტაკებას საერთაშორისო გამოძიება არ აწარმოებს. მის შეფასებას კი ,,2 მაისის“ დამოუკიდებელი კომისია ცდილობს.
,,იმ დღეს, 8 საათის განმავლობაში ასობით დანაშაული მოხდა. ჩვენ მხოლოდ ვიდეომასალების გასაშიფრად ერთი თვეც არ გვეყოფა“, – აცხადებს ოდესის საზოგადო მოღვაწე სერგეი დიბროვი, რომელიც ,,2 მაისის“ კომისიის მუშაობის კოორდინატორია. კომისიაში ჟურნალისტები და ექსპერტები შედიან, რომლებიც ცდილობენ ომის შემდგომი ოდესის ისტორიის ყველაზე სისხლიანი ამბების ჟურნალისტური გამოძიება აწარმოონ. გამოძიების პროცესი რთული და წინაღმდეგობებით აღსავსე აღმოჩნდა. თუ ვინ დაიწყო არეულობა, ამაზე კომისიის წევრებს ერთი აზრი აქვთ.
,,გვაქვს საფუძველი, არეულობის ინიციატორად ფედერალიზაციის მომხრეები მივიჩნიოთ, პირველი ტყვიით დაღუპული კი, ოფიციალური მონაცემებით, ,,ევრომაიდნის“ კოლონის მონაწილე იყო. თუ ეს „ბოევიკების“ მხრიდან პროვოკაცია იყო, მათი მოწინააღმდეგეები ამისთვის ემზადებოდნენ, მათაც ჰქონდათ იარაღი და აღჭურვილობა. 6 ადამიანიდან, რომელთა გარდაცვალების მიზეზად ტყვიით მიყენებული ჭრილობა ჩაითვალა – 3 ,,ანტიმაიდანის“ მომხრე იყო“, – აცხადებს დიბროვი შშს-ს მონაცემებზე დაყრდნობით.
მისივე განცხადებით, სულ, 2 მაისის შეტაკებებში, ცეცხლსაროლი იარაღით, დაახლოებით 10 კაცამდე მოქმედებდა. ამ დღეებში ,,2 მაისის კომისიის“ წევრები თავისი გამოძიების პირველ შედეგებს გამოაქვეყნებენ.
,,ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ყველას, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ამის გაკეთებას ყოველი წუთის თანამიმდევრობით ვაპირებთ“, – აცხადებს დიბროვი.
თავდაპირველად შეტაკება ქალაქის ცენტრში მოხდა, საბერძნეთის და დაერიბასოვის ქუჩების გადაკვეთაზე, შემდეგ მათ პროფკავშირების სახლთან გადაინაცვლეს, რომელიც რკინიგზის სადგურთან მდებარეობს. რისთვის არის საჭირო მოვლენების ქრონოლოგიურად აღდგენა? ამით ჩანს, მაგალითად, ერთი ეპიზოდი, ხანძარი პროფკავშირების სახლში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
,,პირველი მაშინ გადმოხტა ფანჯრიდან, როცა შენობაში არც კვამლი და არც ცეცხლი არ იყო. რატომ – გაუგებარია. 3 წამის შემდეგ ხალხი უკვე პანიკაში გარბოდა იქით, რადგან შენობის ნაწილი ცეცხლში იყო და კიდევ 10 ადამიანი გადმოხტა შენობიდან“.
გამორიცხული არ არის, ხანძრის მიზეზი სულაც არ იყო ,,მოლოტოვის კოქტეილი“ რომელსაც მომიტინგეები ერთმანეთს ესროდნენ, არამედ მიზეზი შესაძლოა, შენობაში არსებული ელექტროგენერატორი გახდა, რომელიც ბენზინზე მუშაობდა“, – აცხადებს დიბროვი.
ოფიციალური ორგანოების წარმომადგენლებმა საზოგადოებას შენობაში უამრავი ხალხის გარდაცვალების ოთხი ვერსია შესთავაზეს. პირველი იყო ისეთი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება, როგორიც ქლოროფორმია. ამის საბაბს ექსპერტებს შენობაში აღმოჩენილი ეს ნივთიერება აძლევს. ვერსია მომწამლველი გაზის გამოყენების შესახებ ჯერჯერობით არ დასტურდება, ფიქრობენ კომისიის წევრები. საბოლოო დასკვნისთვის საჭიროა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჯერჯერობით არ ჩატარებულა. თუმცა საეჭვა ოთხი ადამიანის გარდაცვალება – შენობის მარჯვენა ფრთის მე-5 სართულზე.
,,იქ ცეცხლი არ ყოფილა, რითი გარდაიცვალნენ ეს ადამიანები?“- სვამს კითხვას ჟურნალისტი ვერა ზაპოროჟეცი. კომისიის წევრთა მოსაზრებები იყოფა საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა 2 მაისის ამბავი წინასწარ დადგმული. თუმცა ამ ამბის სპონტანურობის არავის არ სჯერა. ,,ყველას ესმოდა, რომ 2 მაისს რაღაც მოხდებოდა“, – აცხადებს დიბროვი. გამაფრთხილებელი სიგნალი ის იყო, რომ ტრაგედიიდან ცოტა ხნით ადრე, ორ მოწინააღმდეგე მხარეს შორის კონტაქტი შეწყდა. გამოძიების პრობლემა ის არის, რომ 2 მაისის ტრაგედიიდან ,,სათავისოდ გამორჩენა ბევრს სურს“,- აცხადებს დიბროვი.
გამოძიების მიერ გაჟღერებულ 4 ვერსიაშიც შეიძლება დავინახოთ სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები. რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ოდესის ტრაგედიამ როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის საზოგადოებას, საფუძველი მისცა, შეთქმულების თეორია წამოეყენებინა და დაედანაშაულებინა ნებისმიერი, დაწყებული რუსეთის უშიშროების სამსახურიდან, უკრაინის ზედამხედველობის სამსახურით დამთავრებული. ჟურნალისტი ვერა ზაპოროჟეცი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტრაგედიის ერთადერთი შედეგი – ხელისუფლების შეცვლა აღმოჩნდა. გუბერნატორი ვლადიმერ ნემიროვსკი, რომელმაც თავის პოსტზე მხოლოდ 2 თვე დაჰყო, იგორ პალოცამ და მისმა გუნდმა შეცვალა.
ტრაგედიის ერთ-ერთი ოფიციალური ვერსია ,,ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები გახდა, რათა მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოეხდინათ. მილიციის ქმედება მიმართული იყო იქით, რომ ორივე მხრიდან მაქსიმალური მსხვერპლი ყოფილიყო“, – წერს ჟურნალისტი და სვამს კითხვას: რა როლს ასრულებდნენ სამოქალაქო ფორმაში გადაცმული შსს-ს თანამშრომლები პროფკავშირების სახლში? ოფიციალური გამოძიების შედეგებს, სერგეი დიბროვის აზრით, მომავალი წლის გაზაფხულამდე არ უნდა ველოდოთ. საბოლოო დასკვნა კი, სავარაუდოდ, მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ დაიდება.