ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობისთვის მერსი ტემბონს მადლობა გადაუხადა

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა ძალისხმევისთვის, რომელიც არ დაიშურეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკის გაუმჯობესებისა და სოციალური განვითარებისთვის,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი რეგიონული დირექტორის, მერსი ტემბონისა და ამ პოსტზე დანიშნული სებასტიან მოლინეუსის წარდგენას მიეძღვნა.

მიღება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მერსი ტემბონი საქართველოს კვლავ ესტუმრება, ამჯერად, როგორც ტურისტი და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამავე დროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიესალმა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოსტზე სებასტიან მოლინეუსის დანიშვნას.

„საქართველო ერთი დიდი ოჯახია და დარწმუნებულნი ვართ, რომ მას შემდეგ, რაც მისი ნაწილი გახდებით, დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი კარი ღია იქნება თქვენთვის 24 საათის განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ქართველები 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და ამით ვართ გამორჩეულნი. დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო იქნება თქვენთან მუშაობა”, – მიმართა ნათია თურნავამ სებასტიან მოლინეუსს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები