ანდრია გვიდიანი: ეკონომიკის მინისტრს მთელი რიგი მიმართულებებით საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის შეფასებით, ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც გვიდიანმა აღნიშნა, გაჟღერდა ბევრი საინტერესო ინიციატივა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.

“დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის საკომიტეტო მოსმენას დავესწარი. ნათია თურნავას მთელი რიგი მიმართულებებით საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია ჰქონდა. გარდა ამისა, გაჟღერდა ბევრი საინტერესო ინიციატივა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამ კუთხით უახლოეს მომავალში იგეგმება სრულიად ახალი, ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპის მოდელის დანერგვა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად წაახალისებს ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს. ზოგადად, სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ ჩამოყალიბდეს ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემო, რაც ერთმნიშვნელოვნად სწორი და ერთადერთი გამართლებული ხედვაა.

გარდა ამისა, საინტერესო დისკუსია გაიმართა ბევრ კრიტიკულ საკითხზე: ანაკლიის და ფოთის პორტზე, პანკისის მოვლენებზე, ჭიათურის საკითხზე, გაზპრომზე და სხვა ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, რომლებზეც საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

თუმცა, გაოცებული დავრჩი ოპოზიციის სრულიად არაადეკვატური და დესტრუქციული ქმედებების გამო. ყველანაირად ცდილობდნენ საქმიანი სივრციდან გადაეხვიათ და მათთვის დამახასიათებელ პოპულიზმში გადასულიყვნენ. ეს მოსალოდნელიც იყო და ბუნებრივიც არის – როდესაც დებატების დროს არგუმენტები არ გაქვს ერთადერთი გამოსავალი არის სწორედ ობსტრუქცია, რაც ჩვენს ოპოზიციას, სამწუხაროდ, არ აკლია. ოპოზიციის ნაწილს მემგონი “ბირჟაზე” ეგონა თავი და ყველაფერს აკეთებდნენ კონსტრუქციული დებატების ჩასაშლელად.

მოკლედ, სამწუხარო ის არის, რომ სუსტი და პოპულიზმზე ორიენტირებული ოპოზიცია აფერხებს მაღალი პოლიტიკური სტანდარტების დანერგვას, რაც, შესაბამისად, აფერხებს ქვეყნის განვითარებას”,- წერს გვიდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები