„პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში. საკითხი აღმოიფხვრა, მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ განვითარდეს პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ იქნება ჰესების ნაწილიც”, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ იხევს მთავრობამ უკან იქ, სადაც პოლიციის მანქანებს წვავენ და არა იქ, სადაც მოქალაქეები კანონმორჩილად იქცევიან.
მინისტრის თქმით, მთავრობა ყოველთვის დაიცავს უსაფრთხოებას ყველგან, სადაც საჭიროა.
„ასეა თუ ისეა, მიღწეულია მშვიდობა და ნებისმიერი, ვინც ეცდება ამაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს და არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. მთავრობა ყოველთვის დაიცავს უსაფრთხოებას ყველგან, სადაც საჭიროა, მათ შორის – პანკისში და მოგიწოდებთ, ასეთი შემთხვევების შეფასებისას ვიყოთ ძალიან კორექტულები”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.