ამირან გამყრელიძე ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს და რეკომენდაციებს სთავაზობს

ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს და აფრთხილებს, რომ გარეთ სიარულისგან თავი შეიკავონ.
„ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები გრილი წყლით, ხშირად გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა იქნება 25-29 გრადუსზე. განსაკუთრებით საფრთხილოა, თუ ტემპერატურა სახლის შიგნით 25 გრადუსზე ზემოთ იქნება. ამ დროს, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.
ხაზს ვუსვამ იმას, რომ მომატებულ ტემპერატურასა და გარეთ სიარულს თავი უნდა აარიდონ ხანდაზმულებმა და ბავშვებმა. თუ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, შეუძლიათ, გარკვეული პერიოდით იყვნენ მხოლოდ თაკარა მზეზე და ისიც დიდი ხნის განმავლობაში – არა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ტემპერატურის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულები წარმოადგენენ.
„მომატებული ტემპერატურის დროს, არის რისკი, გამწვავდეს სხვადასხვა დაავადება არასათანადოდ შენახული საკვების გამო, ასევე, არასათანადო წყლის პროდუქტების მიღების შემდეგ შეიძლება, მთელი რიგი ინფექციური დაავადებები განვითარდეს და გამწვავდეს. ამავე დროს, სითბური ტალღის დაკვრის შედეგად, შეიძლება, განვითარდეს სხვადასხვა დაავადება როგორც ბავშვებში, ისე – ხანდაზმულებში, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მომატებული ტემპერატურის მიმართ, ამ შემთხვევაში, გახლავთ ხანდაზმულები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები