ნინო ლომჯარია: მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია დააკვირდება
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაცია დააკვირდება.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა, წარმოდგენილი იქნება ძალიან კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც ამ პროცესში.
„სახალხო დამცველმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი რესურსით დავაკვირდებით მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, გარდა ამისა, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლე. ეუთო/ოდირმა განუცხადა თანხმობა სახალხო დამცველს, რომ მოავლინოს სადამკვირვებლო მისია, რომელიც იხელმძღვანელებს სპეციალური მეთოდოლოგიით და დააკვირდება მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს, შეაფასებს ამ პროცესს როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე – საქართველოს პარლამენტში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ადგილობრივი დამკვირვებლების გარდა, გვეყოლება ძალიან კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაც ამ პროცესში”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.