Marriott International-მა შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპაში საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე წარადგინა
Marriott International-მა 2018 წლის საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროების ნომინაციაზე შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ სამეულში წარადგინა. უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ცერემონია 26 ივნისს ლონდონში გაიმართება.
Marriott International საუკეთესო „ფრენჩაიზის“ სასტუმროს გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიას ყოველწლიურად მართავს.
„მთელი გუნდის სახელით შემიძლია, ვთქვა, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ამით ნამდვილად ვამაყობთ. როგორც ცნობილია, ევროპაში 300-მდე „ფრენჩაიზ“ სასტუმროა და ამ ნომინაციაში საუკეთესო სამეულში მოხვედრა იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება სასტუმროს, მისი სტუმრების, „მარიოტისა“ და „ავტოგრაფის“ ბრენდისადმი არა მხოლოდ აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს, არამედ ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, რაც „მარიოტის“ ქსელისთვის დამახასიათებელი მომსახურებისა და ქართული სტუმარმასპინძლობის დამსახურებაა“, – განაცხადა „მარიოტის“ ევროპის ფრენჩაიზინგის ვიცე-პრეზიდენტმა მორტენ სკუმსრუდმა.
შეგახსენებთ, რომ გახსნის დღიდან რეკორდულ პერიოდში – დაახლოებით ერთ წელიწადში, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგების მიხედვით, Autograph Collection-ის ბრენდის ევროპის სასტუმროებს შორის პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ მაღალი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს ლონდონში, მილანში, ბარსელონაში, რომსა და სხვა ევროპულ ქალაქებში მოქმედ სასტუმროებს.
შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის Marriott International-ის „ფრენჩაიზის“ ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია არა მხოლოდ „Autograph Collection“-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს, მართოს „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელში არსებული სხვა ბრენდებიც მთელი საქართველოს მასშტაბით.
პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პორტფელში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტია, ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 220-ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ რეზორტი და სპა შეკვეთილში“ პირველი სასტუმროა, რომელიც „Marriott“-ის ქსელის „Autograph Collection“-ის ბრენდის სტატუსით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 2020 წლის ბოლომდე კი თბილისში, თავისუფლების მოედანზე (ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე) და თაბორის ქედზე კიდევ ორი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი, რომლებიც Marriott-ის ქსელის Autograph Collection-ისდა Luxury Collection-ის ბრენდების სტატუსით დაიწყებენ ოპერირებას. 2022 წლისთვის, სოლოლაკის მაღლობზე, ამავე ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო და მასშტაბური საკონფერენციო ცენტრი გაიხსნება.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის მთავარი მიზანია საქართველოში სხვადასხვა ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 12 პროექტს აერთიანებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი მეშვეობით საქართველოში ჯამურად 6 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
წყარო: სასტუმრო „პარაგრაფი“
R