ქართულ ბაზარზე ახალი ორგანიზაცია – ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“ გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობის სფეროში, ახალი ორგანიზაცია – ააიპ ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“ დაფუძნდა, რომელიც თავის წევრებს სხვადასხვა სიახლეებსა და ახალ მიდგომებს სთავაზობს.

როგორც „კვირას“ ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ, გოჩა ხარჩილავამ განუცხადა, თავდაპირველად, ორგანიზაციაში ფიზიკური პირები, ბუღალტრები გაერთიანდებიან. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაცია ძირითადად, ბუღალტრებისთვის შეიქმნა, სადაც ისინი, მათი პროფესიიდან გამომდინარე, სხვადასხვა სიახლეებს გაეცნობიან. ამასთან, ორგანიზაცია თავის წევრებს სთავაზობს მიზნობრივ შეხვედრებს, სადაც წინასწარ დაგეგმილ თემებზე პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ ტრენინგებს (სრულიად უფასოდ).ორგანიზაცია მოაწყობს შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, საკანონმდებლო სიახლეების გასაცნობად ან ამ სფეროში რომელიმე პრობლემურ საკითხზე პოლემიკის მოსაწყობად.

„ორგანიზაცია ძირითადად, ბუღალტრებისთვის არის შექმნილი. იდეა, რომ ამ სახის ორგანიზაცია ჩამოყალიბებულიყო, რასაც ჩვენი ორგანიზაციის წესდებაც ითვალისწინებს, გახლავთ ის რომ, ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებით, იღებთ უფასო კვალიფიციურ კონსულტაციებს, როგორც საგადასახადო აღრიცხვის კუთხით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად (შესაბამისი კატეგორიის მიხედვით) , იღებთ ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს, უკვე დამუშავებულს, თქვენთვის გასაგებ ენაზე. 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ მოიცავს მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებში გასვლასაც ვგეგმავთ და ჩვენ ამ სიახლეებს ვაცნობთ წევრებს. ჩავატარებთ ტრენინგებს, ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით და ამას ჩვენი წევრებისთვის სრულიად უფასოდ ვაკეთებთ.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ბუღალტრებს სხვა ორგანიზაციები ასეთი ტიპის ტრენინგებს საკმაოდ მაღალ ფასებში სთავაზობენ, რაც ხშირ შემთხვევაში, ამ პროფესიის ადამიანებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ კი ამ ყველაფერს მაქსიმალურად დაბალ ფასში შევთავაზებთ.

გარდა ამისა, „ფორუმის“ წევრები უნდა შევიკრიბოთ ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით (ახალი საკანონმდებლო თუ სააღრიცხვო ცვლილება) და შესაბამის ზემდგომ ინსტანციას ან სამინისტროს ჩვენი ეგიდით მივმართოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი გაერთიანების სახელით მიწოდებული ინფორმაცია მათთვის უფრო ხელმისაწვდომი და შედეგიანი იქნება, ვიდრე თითოეული პირისგან მიწოდებული ცალკეული საკითხები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, პასუხგაუცემელიც კი რჩება. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ზუსტად ეს არის, რომ ვემსახუროთ ჩვენს წევრებს პროფესიონალურად და რაც მთავარია, მომსახურება კვალიფიციური პირებისგან მიიღონ უფასოდ “, – აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა ხარჩილავა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის წევრები რეგიონებში გასვლას გეგმავენ.

„ რამდენიმე დღეში (6 ივნისს)იმერეთს ვეწვევით, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, რეგიონში მოქმედ სამეწარმეო სუბიექტებს და მათთან დასაქმებულ ბუღალტრებს სხვადასხვა პროფესიულ საკითხზე უფასო ტრენინგებს ჩავუტარებთ. ამასთან, ახლო მომავალში, ვაპირებთ, რომ ორგანიზაციაში იურიდიული პირებიც გავაწევრიანოთ. არ ვაპირებთ გაჩერებას და უამრავი გეგმა გვაქვს, რადგან ჩვენმა წევრებმა უნდა იგრძნონ, რატომ და რისთვის უნდა მოვიდნენ ჩვენთან“, – ამბობს გოჩა ხარჩილავა.

ცნობისათვის, ბუღალტერთა კლუბი “ფორუმი” სამი წლის წინ შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში, გამგეობა ამ სფეროში სხვდასხვა საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, დაკვირვებას აწარმოებდა. გამგეობის წევრები აკვირდებოდნენ, თუ რა სახის მოთხოვნები არსებობდა ბუღალტერთა მხრიდან პროფესიული კუთხით, რამდენად საჭირო იქნებოდა ორგანიზაციის არსებობა, რომელიც მხარში დაუდგებოდა ამ სფეროში მოღვაწე თითოეულ ადამიანს.

რამდენიმე დღის წინ ( 2019 წლის 13 მაისს) ააიპ ბუღალტერთა კლუბი „ფორუმის“ გამგეობის რეორგანიზაციის შედეგად ,დაკომპლექტდა ახალი და ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, რომელშიაც შედიან: დანიელ გახარია, გოჩა ხარჩილავა, ლუკა ბაქრაძე, ეკატერინე სიჭინავა, სალომე ოდიშარია, ალექსი ხოფერია. მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ამ სფეროში მოღვაწე თითოეული ადამიანის ყოველდღიური საჭიროება.

გამგეობამ შეიმუშავა სტრატეგია და დაისახა მიზნები იმ საკითხების გადასაჭრელად, რაც თითოეულ ადამიანს აწუხებს ამ სფეროში. კერძოდ, კლუბის რეგისტრირებულ წევრებს, უშუალოდ შეხვედრების ფორმატში გააცნობენ ყველა მიმდინარე სიახლეს, პერიოდულად გადამზადდებიან ​ბუღალტრები, საჭიროების შემთხვევაში,მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაუწევენ საგადასახადო, იურიდიულ და ზოგადად, სამეწარმეო საქმიანობაში.

ააიპ ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“ აფორმებს მემორანდუმებს სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციებსა და აუდიტორულ ფირმებთან, რათა კლუბის რეგისტრირებულმა წევრებმა მათთვის სასურველი მომსახურების მიღება შეღავათიან ფასებში შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“ ფუნქციონირებს ააიპ-ს სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია არის წევრობაზე დაფუძნებული და შესაბამისად, ყველა ტიპის მომსახურება, რასაც ააიპ ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“გასწევს, პირველ რიგში, მიმართული იქნება მისი რეგისტრირებული წევრების ინტერესების დასაცავად.

“იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ ყველა ის სარგებელი, რასაც ორგანიზაცია გთავაზობთ, საჭიროა გახდეთ ააიპ-ის რეგისტრირებული წევრი, რისთვისაც მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა და მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეიტანონ წლიური საწევრო გადასახადი, 12 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია წესდებაში.

ააიპ ბუღალტერთა კლუბ „ფორუმის“ წესდების გათვალისწინებით, დღევანდელი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია გეგმავს ტრენინგების ჩატარებას, რომელიც განკუთვნილია მე-2 და მე-3 კატეგორიის საწარმოებისთვის, ასევე, მე-4 კატეგორიის საწარმოებისთვის განკუთვნილ სტანდარტში, შეღავათიან ფასებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები