გიორგი გახარია: ჩვენი მიზანია, ქვეყანას ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია ჰყავდეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. მისი თქმით, უწყების მიზანია, რომ ქვეყანას ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია ჰყავდეს.
„ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით, სად ვართ და ზუსტად ვიცით, რა გეგმები გვაქვს და სად მივდივართ. სწორედ ამ გეგმებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს მიმდინარე რეფორმებს სისტემური განახლება დავარქვით. სწორედ განახლება, რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რაც იყო ჩვენს წარსულში და სიახლეებითა და რეფორმებით ვუპასუხოთ იმ თანამედროვე გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ.
ჩვენი მიზანია ეფექტური და პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია. ეს არის ძირითადი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, ვიყოთ ეფექტურები, შედეგიანები და წარმატებულები მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ შევინარჩუნოთ ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლება.
ბატონო პოლიციელებო, ბატონო მეხანძრე-მაშველებო, ბატონო მესაზღვრეებო და ვინც ემსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს – თქვენი მსახურება დღეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და არ არსებობს იმაზე ღირსეული მსახურება, ემსახურო შენი მოქალაქის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და იყო შენი ქვეყნის სიმშვიდის სადარაჯოზე. ბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. ჩემთვის უდიდესი ღირსებაა, ვემსახურო საქართველოს თქვენთან ერთად“, – განაცხადა გახარიამ.