შსს-მ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს 112-ში უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მზრუნველობა მოკლებულ 100 ბავშვს და 112-ის თანამშრომლების შვილებს მიულოცა.
მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით 112-ის ეზოში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება შოუს ელემენტებით, სადაც თამაშებში და კონკურსებში მონაწილეობა უშუალოდ მიწვეულმა ბავშვებმა მიიღეს;
შს სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრად მოსულ მოზარდებს ზღაპრის გმირები გაუმასპინძლდნენ. პერსონაჟებმა „112“-ის ეზო რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად გადააქციეს. პატარები აღმოჩნდნენ ულამაზეს სამყაროში, სადაც თვითონ იყვნენ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული თავგადასავლების მონაწილეები.
ბავშვებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო, საპატრულო ეკიპაჟები, გახალისდნენ სახის მოხატვით და „112“-ის ტერიტორია ფერადი ცარცებით მოხატეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა მიიღეს სამახსოვრო პრომო საჩუქრები 112-ისაგან.
დღის დასასრულს სტუმარი ბავშვები სპეციალურად გამართულ, ჯგუფ „ნიუტონი“-ს კონცერტს დაესწრებიან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდება. კონცერტი 19:00 საათზე, კუს ტბაზე გაიმართება.