მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ”
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურად იყოს ჰაბი სწორედ ამ მიმართულებით,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტზე იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს „შუა დერეფნის” საკითხზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დერეფნის მუშაობა, ამ დერეფნის განვითარება და რა როლი აქვს „შუა დერეფანს” როგორც რეგიონისთვის, ისე გლობალურად; ასევე კონკრეტულად საქართველოს ამ „შუა დერეფანში”.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორუმებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების განვითარებას, ისმოდეს საქართველოს პოზიცია და კარგად იყოს გაცნობიერებული ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შეასრულოს რეგიონისთვის,” – განაცხადა მინისტრმა.