ტყიბულში ქვა-ნახშირის კარიერი ჩამოინგრა – მიწის მასამ 55 წლის მამაკაცი მოიყოლა
ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, შედეგად 55 წლის მამაკაცი მასის ქვეშ მოყვა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ წუთებში ქვა-ნახშირის კარიერიდან მამაკაცის ამოყვანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში ერთ-ერთი მუშის შესვლის დროს მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება. სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს (ბაზა) მაშველთა ჯგუფი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ადგილზე, ასევე, იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები -მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.