დეპუტატთა ჯგუფი პარლამენტში ეკონომიკის მინისტრისა და „ჯორჯიან მანგანეზის” დროებითი მმართველის მისვლას ითხოვს

ჭიათურის მაღაროში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავასა და „ჯორჯიან მანგანეზის” დროებითი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის მისვლა მოითხოვა.

„ჭიათურის მაღაროელებთან დაკავშირებით ურთულესი ვითარებაა შექმნილი, ამიტომ პარლამენტი ამ პროცესების მიღმა ვერ დარჩება და აუცილებელია რეაგირების მოხდენა. ჩვენ, დეპუტატთა ჯგუფი, ხვალ „ჯორჯიან მანგანეზის” დროებითი მმართველის პარლამენტში გამოცხადებას ვითხოვთ, რათა მოგვცეს ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია ეს სიტუაცია და რამ მიიყვანა მაღაროელები პროტესტის უკიდურეს ფორმამდე”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ მოთხოვნას, სხვადასხვა დეპუტატთან ერთად, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები” და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი უერთდება.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, დეპუტატები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე, გარდა ნიკოლოზ ჩიქოვანისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსვლას მოითხოვენ, რათა მინისტრმა პარლამენტის წევრებს სამთო მომპოვებელ სფეროში არსებული ვითარება გააცნოს.

„ჭიათურაში მიმდინარე პროცესები შეიძლება, გადადინდეს სხვა სფეროებზეც, რადგან სამთო მომპოვებელ სფეროებში მშრომელების მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მათი სამართლიანი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილებული უნდა იყოს”, – აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები