ირაკლი კობახიძე: დიასპორასთან კავშირების განვითარება განსაზღვრულია, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა

„მნიშვნელოვანია, შევქმნათ კონკრეტული მექანიზმები, რათა დიასპორა უფრო აქტიურად ჩავრთოთ გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, კანონშემოქმედების პროცესში და ამ კუთხით გვექნება კონკრეტული ინიციატივები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე, განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიერ, საქართველოს განვითარებაში შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი.
„ვცდილობთ, მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. 100 ათასობით ადამიანს, რომლებიც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებაში. მათ ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვთ საზღვარგარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლოსთვის”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში, დიასპორასთან ურთიერთობების განვითარება განისაზღვრა, როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა. ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ძირითად კანონში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით განხორციელებულ ცვლილებაზეც გაამახვილა ყურადღება.
„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში დიასპორასთან, ჩვენს თანამემამულეებთან კავშირების განვითარება განისაზღვრა როგორც კონსტიტუციური მნიშვნელობის ამოცანა, რასაც ძალიან დიდი სიმბოლური და ასევე, პრაქტიკული დატვირთვა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზანს შეესხას ხორცი და ამას სჭირდება ჩვენი ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური საქმიანობა. მინდა, გავიხსენო კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შევიდა ჩვენს ძირითად კანონში და რომელიც უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობას. გამარტივდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება, ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მიღება, რაც დაეხმარება ჩვენს თანამემამულეებს რომ ჩვენს ქვეყანასთან მჭიდრო სამართლებრივი კავშირის შენარჩუნებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორასთან კავშირის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, ბევრი რამაა გასაკეთებელი. მისივე თქმით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოში დაბრუნების სათანადო შესაძლებლობის მისაცემად. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პარლამენტში მუშაობს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.
„კომიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, დასახული გვაქვს კონკრეტული გეგმები, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენს მიერ დასახული ზოგადი მიზნების მიღწევა. ბევრი რამ კეთდება ამ მიმართულებით წინსვლისთვის. კომიტეტი მუშაობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე დაფუძნებული მომსახურების, ასევე, ონლაინ სერვისების განვითარებაზე. ასეთი კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები მნიშვნელოვანია, რათა ჩვენს დიასპორასთან მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ. ასევე, საუბარია შესაბამისი კანონის-„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის ახლებურად გააზრებაზე, მის დახვეწაზე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან დიასპორაში ქართული ენის ცოდნის შენარჩუნებასა და საკვირაო სკოლების ფუნქციონირების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს საკვირაო სკოლების ფუნქციონირების ხელშესაწყობად.
ირაკლი კობახიძის თქმით, დიასპორასთან უშუალო კავშირისა და მათთან შესახვედრად, საქართველოს პარლამენტის წევრები მაქსიმალურად იყენებენ საერთაშორისო ვიზიტებს.
„ჩვენი თანამემამულეებისგან ვიღებთ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რაც გვეხმარება სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაში, მათ შორის, კონკრეტულად დიასპორასთან კავშირების განვითარების კუთხით”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.
„დამოუკიდებლობის დღეს და დიასპორის დღეს ვულოცავ იმ ადამიანებს, ვინც ქართულ კულტურას და ქართულ ენას უანგაროდ ემსახურება. ისენი ნამდვილად არიან ჩვენი დროის გმირები, ადამიანები, რომელთა ღვაწლს არ უნდა ივიწყებდეს არც ერთი ხელისუფლება. მინდა მივულოცო ეს დღეები ჩვენს უცხოეთში მოღვაწე მამებს, რომლებიც დიდი სიყვარულით ემსახურებიან როგორც ჩვენი რწმენის და რელიგიის საკითხებს, ისე ქართული ენისა და ჩვენი ქვეყნის პატრიოტიზმს“,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
დიასპორასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე საუბრისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა უწყებათაშორის კომისიაზე, სადაც ოპერატიულად იქნება განხილული ყველა მსგავსი ინიციატივა.
„დღევანდელი ყველა გამომსვლელის პათოსში ჩანს ხელისუფლების განწყობა. უპრეცედენტოდ ერთიანი ვართ ამ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ ჩვენი განწყობების მიწოდება და მათი სურვილის შემთხვევაში, მათი ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა.
მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის იმ ინიციატივებისათვის, იმ საკონსტიტუციო ჩანაწერებისათვის, რომლებიც, გაუადვილებენ ჩვენს თანამოქალაქეებს კავშირების გამყარებას თავის ქვეყანასთან. მადლობელი ვარ პრემიერმინისტრისა იმ მუდმივი თანადგომისთვის და მყისიერი რეაგირებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, ერთობლივ ინიციატივებთან“,-განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ორდღიანი ფორუმი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს, მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა.
დამსწრეებს, სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის, ასევე, დიასპორის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები