უცხოელი სპეციალისტები კახეთის რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნენ

ავსტრალიელმა და ახალ ზელანდიელმა სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში ატმის ბაღებსა და ვენახებში განთავსებული აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დაათვალიერეს.
ადგილობრივმა სპეციალისტებმა უცხოელ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს მონიტორინგის შედეგების შესახებ და აღნიშნეს, რომ კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე მავნებელი არ ფიქსირდება, 2017-2018 წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელებულა.
უცხოელი სპეციალისტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ვითარების გაცნობა, რადგან, მათი თქმით, კახეთის ბაღები უფრო მეტად ჰგავს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სასოფლო-სამეურნეო ფართობებს.
„დასავლეთ საქართველოში ბაღები შედარებით პატარა ზომისაა, ახალ ზელანდიაში უფრო დიდ ფართობებზე გვაქვს სასოფლო-სამეურნეო კულტურები ისევე, როგორც კახეთში. ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ებრძვიან სხვადასხვა მავნებელს აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერები და როგორ აპირებენ აზიურ ფაროსანასთან გამკლავებას, თუ მავნებელი მათ ბაღებშიც დაფიქსირდება”, – აღნიშნა ახალი ზელანდიის ბიოუსაფრთხოების რეაგირების სამსახურის მენეჯერმა, ქეთრინ დათიმ.

კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, კობა ჩიკვაიძემ  ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ სპეციალისტებს განუმარტა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კახელი ფერმერები, რომლებსაც მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, მზად არიან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, ვინაიდან მათ უკვე მიეწოდათ ინფორმაცია ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები