გიორგი ანდრიაძე: აზერბაიჯანის მხარე ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობას გვედავება

“დავით გარეჯში  აზერბაიჯანის მხრიდან გზის გაყვანა და, სავარაუდოდ, სასაზღვრო კოშკის გახსნა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ იქ ან ვერასდროს შევალთ, ან თუ შევალთ ამ ყველაფერმა შეიძლება, საომარი კონფლიქტი გამოიწვიოს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპატრიარქოს „ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ანდრიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მხარე ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობას გვედავება.
“მდგომარეობა იგივეა. აზერბაიჯანის მხარე არ ცვლის პოზიციას და არც შეცვლის, თუ არ იქნება გამოყენებული ბერკეტები, ეს არის დიპლომატიური თუ კიდევ საზოგადოების სხვა საპროტესტო ბერკეტი. შევარდნაძის ხელისუფლებამ ყველაფერი მისცა აზერბაიჯანს და, საერთოდ, აზერბაიჯანი შედგა სახელმწიფოდ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისცა მას ყველა საშუალება, რომ თავისი ენერგორესურსები მსოფლიო ბაზარზე გაეტანა. ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებთ მსგავს დამოკიდებულებას. თეორიულად მართლაც რომ იყოს ჩიჩხიტური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ის ვალდებული იყო, ძეგლი საქართველოსთვის დაეთმო, რადგან ქართული მხარე დიდ შეღავათებს აძლევდა, ძალიან დიდ სანაცვლო ტერიტორიებს სთავაზობდა, მაგრამ ისინი ამას არ თმობდნენ.
დავით გარეჯში აზერბაიჯანის მხრიდან გზის გაყვანა და, სავარაუდოდ, სასაზღვრო კოშკის გახსნა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ იქ ან ვერასდროს შევალთ, ან თუ შევალთ ამ ყველაფერმა შეიძლება,  საომარი კონფლიქტი გამოიწვიოს,

პრობლემა ის არის, რომ ეს ძეგლი და ქართული კულტურის კიდევ სხვა ძეგლები აზერბაიჯანის მხრიდან მიჩნეულია და გამოცხადებულია ალბანური კულტურის ძეგლებად. ესაა მთავარი და ამაზე არავინ ლაპარაკობს. აზერბაიჯანის მხარე გვედავება ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობას ისე, როგორც გვედავება ზოგიერთი ჩვენი მეზობელი. ამის გამო, ჩვენ კონკრეტულ ღონისძიებებს მივმართავთ. ახლახან ვიყავით რომში. ჩვენი იტალიელი მეგობრების, კონსერვატიული მოძრაობის საშუალებით ხმა მივაწვდინეთ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის შევხვდით რომის პაპს და მასაც ვუთხარით, რომ ქრისტიანი ქართველების უფლებები უხეშად ილახება და ქართული კულტურის ძეგლები ალბანურად ცხადდება“, – განაცხადა ანდრიაძემ.
მისივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვაა საჭირო.
„არსებობს მრავალი ბერკეტი, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს. ის საპროტესტო ფორმები, რომლებსაც მიმართავს საზოგადოება და მეც მონაწილე ვარ ამის, ეს თითქმის არაფრისმომტანია. ამიტომ საჭიროა  ჯერ ერთი არალოგიკურად გამოცხადებული ე.წ. ალიევის გამზირის გაუქმება, რომელიც სააკაშვილის დანაშაულებრივ-გამყიდველმა რეჟიმმა გააკეთა; იმ ძეგლის აღებაც, რომელიც დადგეს თბილისის უძველეს უბანში, გულის გულში დადგეს ალიევის ძეგლი, თითქოს, რამე გაეკეთებინოს ამ ადამიანს საქართველოსთვის. გარდა ამისა, დიპლომატიური ზეწოლის უამრავი მექანიზმი არსებობს. ამ კუთხით უნდა იმოქმედოს ქართულმა სახელმწიფომ. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდეთ  იმიტომ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საპროტესტო ზომებს მიმართავს, არ გაჩერდება და ეს მიიღებს ცუდ მასშტაბებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ახლახან არჩევნებზე ქართულმა საზოგადოებამ, ამომრჩეველმა, რომელიც ამ უბნებზე მონაწილეობდა, ისევ ხმა მისცა “ნაციონალებსა” და “ოცნებას”. ამით, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკას, რაც გარეჯში მიმდინარეობს და რაც საერთოდ ქვეყანაშია. ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე პროცესები ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის. უნდა ჩაერთოს მესამე ძალა – საერთაშორისო საზოგადოება და მათ უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ამ საზოგადოებას უნდა აუხსნა, რომ გარეჯი ჩვენი კულტურის ძეგლია. ამაზე არავინ ლაპარაკობს”, – განაცხადა ანდრიაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები