მამუკა ბახტაძე: ნებისმიერი ქართველისთვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი

“ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მის სახელს და ღირსებას. სწორედ ამიტომაც, ნებისმიერი ქართველისთვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.

“მივესალმები სრულიად საქართველოს და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს! ვულოცავ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს, ყველას, ვისთვისაც 26 მაისი ძვირფასია.

განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ თქვენ, ჩვენს წვევამდელებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ფიცი დადეთ საქართველოს წინაშე და გახდით საქართველოს ჯარისკაცები. დარწმუნებული ვარ, თქვენ ერთგულად და თავდადებით დაიცავთ საქართველოს ინტერესებს და უერთგულებთ ქართველი მეომრის ღირსეულ სახელს.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს მეომრებს, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო მისიებში და ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის და იცავენ ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავენ მის სახელს და ღირსებას. სწორედ ამიტომაც, ნებისმიერი ქართველისთვის ქართული ჯარი არის ყველაზე ძვირფასი.

ჩვენ დავიწყეთ ჩვენი სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის სამხედრო ქალაქის მშენებლობა თბილისში და ჩვენ მსგავს პროგრამებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები