“მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებს სათანადო განათლება ჰქონდეთ“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უახლოეს მომავალში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა დაფინანსების პრობლემებს გადაჭრის.
პროექტი, რომელიც სოლიდარული საზოგადოების პრინციპებს ეფუძნება, საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში სტუმრობისას დააანონსა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომლის ექსპონატებიც საგანმანათლებლო პროგრამის – “შეეხე ისტორიას ხელებით” ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მოზარდებს საკუთარი გარემოს, წარსულის, სამყაროს შემეცნებაში ეხმარება და ბავშვებში ცოდნისადმი მისწრაფებას აღძრავს.
პრემიერის განმარტებით, ბავშვებისა და მოზარდების განვითარების ხელსაყრელი გარემოს შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და მთავრობა მსგავს ინიციატივებს ყოველთვის მხარს დაუჭერს.
„ჩვენ მრავალ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ – სკოლებში სახელმძღვანელოები უფასო გახდა, ასევე სახელმწიფო აფინანსებს სწავლას 17 ფაკულტეტზე. მომავალშიც მრავალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. უახლოეს დღეებში გაიმართება ძალიან საინტერესო პროექტის პრეზენტაცია, რომელიც იქნება იმის დემონსტრირება, როგორ უნდა განვავითაროთ სოლიდარული საზოგადოება. ამ პროექტის მიზანი იქნება, რომ საქართველოში არც ერთი ბავშვი არ იყოს დარჩენილი უყურადღებოდ, ვგულისხმობ მძიმე სენით დაავადებულებს და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათთვის მკურნალობის სახსრები გამოინახოს. მე, როგორც მთავრობის მეთაური პირადად ვიქნები იმ პროექტების წამახალისებელი, რომელთა მიზანიც იქნება ბავშვების ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები