ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვებს სათანადო განათლება ჰქონდეთ
საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გონიოს ციხეზე ბავშვების მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა.
პრემიერ მინისტრმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პროექტის “შეეხე ისტორიას ხელებით” ფარგლებში გამოფენილი ბავშვების ნამუშევრები მოინახულა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სათანადო განათლება, რადგან სწორედ, მომავალი თაობა არის ქვეყნის მომავალი.
“ყველა ბავშვს ვულოცავ დღევანდელ დღეს. გამიხარდა, როცა ვნახე ამდენი აქტიური ბავშვი, რომელიც ჩართულია ასეთ პროექტებში. ეს პროექტები ხელს უწყობს სამშობლოს სიყვარულის, საქართველოს ისტორიის სიყვარულის გაღვივებას. კარგი იქნება თუ სხვა მუზეუმებიც ასეთ პროექტებს განახორციელებენ. მთავრობა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ჯანსაღი მომავალი და ყველა პირობა, რომ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაცია მოახდინონ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ მინისტრმა განმარტა, უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვების პრობლემის გადაჭრისთვის ახალი პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.
“პროექტის მიზანი იქნება, საქართველოში არც ერთი მძიმე სენით დაავადებული ბავშვი უყურადღებოდ არ დარჩეს და მთავრობა მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ასეთ ბავშვებს მოკლე დროში ვუმკურნალოთ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ მინისტრთან ერთად გონიოს ციხეზე ბავშვების გამოფენა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დაათვალიერეს