მესტიაში  „ევროპის დღე – 2019“ გაიმართება

23 მაისს, დაბა მესტიაში „ევროპის დღე-2019“ გაიმართება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია გარბენი „ევროპის დღეების თასი“, რომელიც დაიწყება 14:00 საათზე, დაბა მესტიის შემოსასვლელიდან, სეტის მოედნამდე;
14:00-17:00 საათი – მოეწყობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მესტიის მუნიციპლიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი ევროპის დღისადმი მიძღვნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა;
15:00 საათი – გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიების ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის შესახებ გავრცელებული მითებისა და რეალობის შესახებ ინფორმაციას, ასევე, გაიმართება გათამაშებები და გამარჯვებულები სიმბოლურ პრიზებს მიიღებენ.
მოეწყობა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო კუთხე და რეგიონის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა.
ღონისძიების დასასრულს, გარბენსა და ნახატების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან.
ევროპის დღეების მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა.
ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები