აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს ცვლიან – როგორ უნდა მოიქცეს საქართველო?
ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხს გია ვოლსკი ეხმაურება. როგორ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთში შექმნილი ვითარების პარალელურად, ვის ინტერესებშია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეცვლა და რა თამაშს თამაშობს რუსეთი, – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საუბრობს.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ აფხაზეთში შექმნილ სიტუაციას მთლიანად რუსეთი განაგებს. აფხაზეთში კი რუსეთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ჭიდილი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის მიდის.
„ აფხაზეთში ყველანაირი ძალები იწონებს თავს რუსეთთან ურთიერთობით და რუსეთში ხედავს მთავარ მხარდამჭერს, მიდის ჭიდილი რომ ჰქონდეთ გარკვეული ჯგუფებიდან მხარდაჭერა.
რაც შეეხება მეორე საკითხს, რუსეთმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი დასაყრდენი ჰქონდეს აფხაზეთში, თუნდაც ძალიან პატარა საზოგადოებაში. ხაჯიმბა პუტინის რეჟიმის უფრო მყარ დასაყრდენად მიიჩნევა, ვიდრე ანქვაბი. რასაკვირველია, რუსეთი განაგებს სიტუაციას და მას არ უნდა დაძაბულობის ისეთი კონდიცია შეიქმნას, რომ ეს ცხელ ფაზაში გადავიდეს, რამდენად მიაღწევს ამას ეს მეორე საკითხია“, – აცხადებს ვოლსკი.
პარლამენტის დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქართული მოსახლეობის აგრესიის პრევენციისკენ უნდა იყოს მიმართული. ამასთან, მისი თქმით, საჭიროა პროცესებში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა.
„მთავარი ჩვენი ძალისხმევაა ახლა რაზეც უნდა იყოს მიმართული და მიმართულია კიდეც, ეს არის ქართული მოსახლეობისადმი რუსეთის აგრესიის პრევენცია. ამის მექანიზმი საერთაშორისო ჩართულობაა, დიდი მექანიზმებით ამ შემთხვევაში ვერ დაიკვეხნის საქართველო, ვინაიდან აქ ალტერნატივა ძალიან მწირია. საერთაშორისო მხარდაჭერა, მუდმივი თვალთახედვის არეალში ქონაა, ძალისმიერი ზომის მიღება კი პრაქტიკულად გამორიცხულია“, – აღნიშნავს ვოლსკი.
ამასთან, გია ვოლსკი პარალელს ავლებს აფხაზეთში მიმდინარე და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს შორის. დეპუტატის თქმით, ამ ორი სიტუაციის შედარება რთულია, რადგან უკრაინის შემთხვევაში დაპირისპირების მთავარი თემა იყო – ევროპა, ან რუსეთი. აფხაზეთის შემთხვევაში კი დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რუსეთთან სიახლოვით ეჯიბრებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თურქეთის მასმედიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების აფხაზეთში გახშირებულ ვიზიტებზეც ამახვილებს ყურადღებას. ვოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამაზეც გააკეთა გარკვეული რეაგირება.
„არის თურქეთის ფაქტორიც, რაც მხედველობაში მისაღებია. ანქვაბის ხელისუფლების პერიოდში, საკმაოდ გააქტიურდნენ თურქული ბიზნესის, პრესის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მხრიდან ვიზიტებმა საკმაოდ ინტეესიური ხასიათი მიიღო.
თურქეთში ძალიან ბევრი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს. მათი ურთიერთობა მხოლოდ ჰუმანიტარულ სფეროს არ მოიცავს, აქ პოლიტიკური საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტია, რომ თურქული აქტივობები აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა. რუსეთმა ამაზეც გააკეთა გარკვეული რეაგირება, თუმცა თურქეთის დადანაშაულება იმაში, რომ ის რაიმე სახით პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს, რასაკვირველია არასწორია. ეს არ არის თურქეთის სახელმწიფოს და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელების პოლკიტიკური ხედვა“, – განაცხადა „კვირასთან“ გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და იგი 24 აგვისტოს დაინიშნა. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი გბანბუ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ამასთანავე, ხუთშაბათს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას და მას მოუწოდა დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს ქვეყნის მეთაურის პოსტი თავისი ნებით დაეტოვებინა. თავის მხრივ, ანქვაბმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს არ გადააყენებდა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ამ საკითხში კომპეტენტური მხოლოდ პრეზიდენტია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ პოსტს თავისი ნებით არ დატოვებდა.