ვახტანგ ბერიძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ხულოს გასავითარებლად
,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ვახტანგ ბერიძე, დაბა ხულოში შავაძის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა. მოსახლეობამ შეხვედრისას ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, ხორც პროდუქტებისთვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა. კანდიდატი, ამომრჩევლებს არსებული პრობლემების მოგვარებასთან ერთად, მერად არჩევის შემთქვევაში სამოქმედო გეგმაზეც ესაუბრა.
“მინდა, დავიწყო იმ პრობლემით, რაც ძალიან გაწუხებთ. ეს არის დაბა ხულოს მოსახლეობისთვის სასმელი წყალი. გუშინ უკვე შევხვდი რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლებს და მათ ვესაუბრე აღნიშნულ პრობლემაზე. მინდა, თქვენც გითხრათ და დაგაიმედოთ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის 24-საათიანი წყლის სისტემით უზრუნველყოფას. მინდა, ასევე გითხრათ შიდა სასოფლო გზებზეც, რომელთა მოწყობაც უკვე დაწყებულია, თუმცა ეს პროექტი გაგრძელდება და ყველა წერტილში იქნება გზა მოწესრიგებული. ასევე, გვაქვს დაბა ხულოს განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, ბარაკების აწევას, საცხოვრებელი კორპუსების ფასადის კეთილმოწყობას, კომერციული ობიექტების განთავსებას დახურულ სივრცეში და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ხულოს განვითარებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტების შეძენა, რომელსაც ჩემი არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ”, – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.