ირაკლი ჩიქოვანი: “ნაცმოძრაობა” ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის

“ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის შედეგებით, ზუგდიდში, მერის შუალედურ არჩევნებზე  გეგა შენგელია არჩევნებში, 12 პროცენტის სხვაობით იმარჯვებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდს შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია ოპოზიციასაც გააჩნია და ისინი დესტრუქციულ მეთოდებს მიმართავენ ზუგდიდში არეულობის შესაქმნელად.

“მინდა, მოგმართოთ ზუგდიდის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში “ქართული ოცნების” კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია აქვს “ნაციონალურ მოძრაობასაც” და “რუსთავი2”-საც, თუმცა ამას არ აქვეყნებენ. ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც, რომ დაიწყოს საუბარი არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ “რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ის საუბრობს 2020 წლის არჩევნებისათვის განწყობილებებზე და ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან მიმართებაში. “ნაციონალური მოძრაობა” ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომელიც უკავშირდება საოლქო საარჩევნო კომისიას. ისინი თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო, შეეცადნენ დესტრუქცია შეეტანათ ამ კომისიის მუშაობაში და შესაბამისად საარჩევნო პროცესისათვის პრობლემები შეექმნათ. ზუგდიდში ჩამოდის 5 ათასი დამკვირვებელი და მათგან 3 ათასი იქნება სხვადასხვა საფარქვეშ სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებში. ნათელია ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ზუგდიდთან მიმართებაში შეიძლება იყოს სერიოზული პრობლემა რისთვისაც ემზადება ნაციონალური მოძრაობა. სამწუხარო ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამობრძანებული არიან ჩვენს ქალაქში იქცევიან აგრესიულად და დესტრუქციულად. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მოვუწოდებ არჩევნების ბატალიების მოუხედავად, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ იმ პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია კანონმდებლობაში. ფაქტია, “ნაციონალურ მოძრაობას” მშვიდი არჩევნები არ სურს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ზუგდიდელებს, მოთმინებით მოეკიდონ პროვოკაციას და საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ სამართალდამცავებს. ჩვენ ღირსეულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები და ზუგდიდში ზუგდიდელებმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ავირჩიოთ ზუგდიდელი მერი. მივმართავ ყველას, მშვიდად გავიაროთ შემდეგი ორი დღე. კვლევები ცხადყოფს, რომ გეგა შენგელია იმარჯვებს 12 პროცენტის სხვაობით”,- განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები