მამუკა ბახტაძე ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობაზე: არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ

„არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას – ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ხომ არ ისახავს მიზნად.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ადგილის შერჩევა აჭარის ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაავალა.
„ჩვენ ბათუმელებს ერთი თვის წინ შევპირდით, რომ პროექტს დავიწყებდით. მე დავალება მივეცი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში მოეძებნათ ადგილი, ის სივრცე, სადაც ამ პროექტის განვითარებას შევძლებდით. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი?! მაშინ, რატომ მისვამთ ამ შეკითხვას?! ერთი თვის წინ არჩევნები იყო? არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია და პრიორიტეტი, ეროვნული იდეა განათლების სახით. ამ იდეის რეალიზაციას ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოფთ მიუხედავად იმისა, ტარდება თუ არა არჩევნები. რაც შეეხება პროექტის განხორციელების ბიუჯეტს – ძირითადად, ეს იქნება ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები. მოგეხსენებათ, ჩვენ განათლების სამინისტროს ვუზრდით ბიუჯეტს; წელს ეს არის 1,6 მილიარდი, მომავალ წელს იქნება 2 მილიარდი, 2021 წელს იქნება 2,5 მილიარდი და 2022 წელს მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც არის ბიუჯეტის მეოთხედი, 3,4 მილიარდი ლარი. ეს კანონპროექტი შეტანილია საქართველოს პარლამენტში და იმედია, ძალიან მალე იქნება მიღებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები