„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი: ღირსების მარშზე გახდილი გამოსვლას არავინ აპირებს, ჩვენ თანასწორობისთვის ვიბრძვით

“ლგბტქ თემის წარმომადგენლები დღეს დემონსტრაციას არ გეგმავენ”, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთერმა ოგანიზატორმა, ლგბტქ აქტივისტმა – მარიამ კვარაცხელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ჯერ კიდევ 2004 წლიდან საქართველოში ამ დღის აღნიშვნა ვცადეთ 2012 წელს, შემდეგ 2013 წელს, რაც ძალიან მძიმედ, ძალადობრივად დასრულდა. 2014 წლიდან ვიცით, რომ საპატრიარქომ 17 მაისს დააწესა ოჯახის სიწმინდის დღე. ამის შემდეგ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ქალაქის ცენტრალური გამზირები ოკუპირებულია ათასობით ადამიანით, ლგბტ ორგანიზაციები, თუ სხვადასხვა ჯგუფი, რისკებიდან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარ, თავს არიდებს აქციის თუ დემონსტრაციების ჩატარებას 17 მაისს. ვერ ხერხდება საჯარო სივრცის დაკავება ლგბტ ადამიანების მიერ. ეს კარგად აჩვენებს იმ სისტემურ ჩაგვრას, რისი მსხვერპლებიც ეს ადამიანები არიან ქვეყანაში. ფაქტობრივად, ლგბტ ჯგუფი არის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ასეთი დემონიზებული და მარგინალიზებულია, რომელსაც ქუჩაში არ გაესვლება, არ ეძლევა ამის შესაძლებლობა და უფლება.
წელსაც, 17 მაისს ღონისძიებები, აქციები, დემონსტრაციები ლგბტ ადმაიანების მიერ არ არის დაგეგმილი არსებული სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე”, – განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.
მანვე „თბილისი პრაიდის“ შესახებ ისაუბრა, რომელიც 18-23 ივნისსაა დაგეგმილი.
„აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტების ნაწილი წელს ივნისში გეგმავს მსვლელოაბს სახელწოდებით ღირსების მარში. ეს იქნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სხვა ღონისძიებებთან ერთად. იქნება ერთდღიანი საერთაშორისო კონფერნეცია ლგბტ საკითხებზე, სპექტაკლი – კაფკას „მეტამორფოზა“. ღირსების მარშში მონაწილეობას მიიღებენ ლგბტ ადამიანები და მხარდამჭერები – ისინი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ თემს. ჩვენ მსვლელობას აუცილებლად ჩავატარებთ. სახელმწიფო, შსს ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქე. არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ სახელმწიფომ უარი განაცხადოს, თქვას, რომ ვერ დაგიცავთო. ჩვენ ვხდებით სამინსიტროს წარმომადგენლებს იქედან გამომდინარე, რომ სხვადასხვა საორგანიზაციო დეტალი გავაზიაროთ, რომ უფრო კოორდინირებული იყოს პროცესი, მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩაიაროს. რაც შეეხება მუქარებს სხვადასხვა ულტრამემარჯვენე, ფაშისტური დაჯგუფებიდან, თუ ნაციონალისტური ჯგუფებიდან – ვფიქრობ, ახლა არის კარგი შანსი ხელისუფლებისთვის, რომ ძალიან მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს ასეთ ჯგუფებს, რომ ისინი არიან მარგინალური, ძალადობრივი ჯგუფები და ვერ შეძლებენ, საფრთხე შეუქმნან თანასწორობას, ადამიანის უფლებებს. სახელმწიფომ უნდა თქვას, რომ ძალადობა მიუღებელია და დაიცავს თითოეული ჯგუფის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
მისივე თქმით, ივნისში დაგეგმილ მარშს არ ექნება საზეიმო სახე.
„ღირსების მარშს, რომელიც ივნისში იგეგმება, არ ექნება ისეთი საზეიმო და კარნავალური ფორმა როგორც – ამსტერდამში, ან პარიზშია. ჩვენ გვაქვს ლოკალური კონტექსტი. აქ არავინ აპირებს გახდილი გამოსვლას, ასეთი ფორმა არ ექნება. ჩვენ ადგილობრივ კონტექსტზე ვფიქრობთ, ჩვენს საჭიროებებზე. ჩვენი საჭიროებაა თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა; შესაბამისად, ჯერჯერობით, საზეიმო არაფერი გვაქვს განსაკუთრებული. ამ მსვლელობას საპროტესტო მუხტი ექნება“, – განაცხადა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორმა.
ცნობისთვის, 2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემის რამდენიმე წევრს თავს დაესხნენ. 2014 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ბოლო 3 წელია, ყოველ 17 მაისს საპატრიარქო მსვლელობებს აწყობს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები