კახი კალაძე: გივი მოდებაძეს ზურგს უმაგრებს ძლიერი გუნდი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია

“ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერაფერს, თუ მას გვერდით არ უდგას ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ზურგს უმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ჰქვია. მას ზურგს უმაგრებს თითოეული თქვენგანი და თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით შევძლებთ, ღირსეულად შევეჭიდოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც აწუხებს ჭიათურას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭიათურაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
კალაძემ მერობის მმართველი გუნდის კანდიდატს, გივი მოდებაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და გამარჯვება უსურვა.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს კანდიდატს, გამარჯვება ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული, უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა, აქ გაიზარდა და ძალიან კარგად იცის ის პრობლემა, ის წუხილი, რომელიც აწუხებს ჭიათურას”,- განაცხადა კახი კალაძემ.
კახი კალაძემ გაფიცულ მაღაროელებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ.
“აქ მეორე ქუჩაზე თქვენი თანაქალაქელები იმყოფებიან, რომლებსაც დღეს გვერდში დგომა, თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენ თქვენთან შეხვედრის შემდეგ მივდივართ იმ ადამიანებთან, რომ ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ და ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ 19 მაისს გამარჯვება. ჩვენი მოქალაქეები გასაჭირში არ მიგვიტოვებია და არასდროს ვიკადრებთ ამას. იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა იმისთვის, რომ აქ შეძლონ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც მათ აწუხებთ”, – აღნიშნა კახი კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები