საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით

„უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც საქართველოში უმუშევრობის შესახებ კვლევაა გამოქვეყნებული.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.

დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს.

2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ  შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9 პროცენტი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე – დასაქმების დონე, შესაბამისად, 1.9 და 0.9 პროცენტული პუნქტებით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.1 პროცენტული პუნქტით.
2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული უმუშევრობის სხვაობის მაჩვენებელი სოფელსა და ქალაქს შორის.
კერძოდ, საქსატის მონაცემებით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში საქალაქო დასახლებებთან შედარებით.

დოკუმენტის თანახმად, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთის და გურიის რეგიონებში. ქ. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 5.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო აჭარის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 1.8 და 1.6 პროცენტული პუნქტებით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.3 და 1.9 პროცენტული პუნქტებით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ ჩატარებულ კვლევის დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები