გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ზუგდიდში მართლაც ჩაჰყავთ რამდენიმე ათასი ადამიანი. მისი განმარტებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პარტიების 1400 და არასამთავრობოების 2000 წარმომადგენელი, ასევე, 1000-მდე მოხალისე ჩაჰყავთ.
“ჩვენ მართლაც ჩამოგვყავს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, რადგან ვნახეთ, რა მეთოდებით მოქმედებს “ქართული ოცნება”. შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში გავაყალბებინებთ არჩევნებს. დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩამოგვყავს ოპოზიციური პარტიების 1 400 წარმომადგენელი; ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ ხელისუფლების კონტროლს ქვეშ, ჩამოდის არასამთავრობო ორგანიზაციების 2000-მდე წარმომადგენელი. ჩამოგვყავს 1000-მდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიღებული აქვთ უმკაცრესი ინსტრუქცია გაერთიანებული ოპოზიციის ხელმძღვანელებისგან, რომ არავითარ შემთხვევაში აყვნენ პროვოკაციებს, არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით და იმოქმედონ ისე, როგორც შეეფერება ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას. ამ ქვეყანაში ცივილიზებული პოლიტიკური ძალა გაერთიანებული ოპოზიციაა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ათასობით ადამიანის ზუგდიდში მობილიზების შესახებ “ქართულ ოცნებაში” უკვე რამდენიმე დღეა, საუბრობენ. მათი განცხადებით, ოპოზიციას ეს ადამიანები ზუგდიდში პროვოკაციებისა და არეულობის მოსაწყობად ჩამოჰყავს.