აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიება – “მე ვარ აფხაზეთი” რუხის სავაჭრო ცენტრში გაიმართება

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, 17 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ღონისძიება – „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართება.
ღონისძიებაზე დაგეგმილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო- და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები ხატვასა და დიზაინში. “საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ქალბატონებსა და ბავშვებს დაეთმობათ, სადაც მათთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გაიმართება.
ღონისძიების ბოლოს ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“, დავით ილურიძის ბენდი და ვოკალისტები ცნობილი კომპოზიციებით.
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მამა მალხაზი დალოცავს შეკრებილ საზოგადოებას.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რუხის სავაჭრო ცენტრი და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
აღსანიშნავია, რომ 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები