13 მაისი – მარიკა ქარდავა მედიას ინტერვიუს აძლევს და ყვება, რომ სახლში უცნობმა პირმა მიაკითხა და ასე პირდაპირ, უცხო ადამიანმა ხმის მიცემის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.
“ჩვენთან იყო მოსული “ოცნების” წარმომადგენელი და ხმის მიცემის სანაცვლოდ დამპირდნენ, რომ დევნილის ბარათებზე, 150 ლარს დამირიცხავდნენ. ასევე პირადობის მოწმობას მთხოვდნენ. ფულს იმ შემთხვევაში მომცემდნენ, თუკი 41 ნომერს შემოვხაზავდი. მაგ ფულს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მილიონი რომც ჩამირიცხონ, მე ქალბატონი სანდრას მომხრე ვარ და ეს სულ ასე იქნება”, -ამბობს ქარდავა.
აღსანიშნავია, რომ ამ საუბარს მოწმეები არ ჰყოლია. კითხვაზე, რატომ არის დარწმუნებული, რომ მასთან მისული უცხო პირი, “ოცნების” წარმომადგენელია, ქარდავა გვპასუხობს, რომ სახეზე იცნო, რადგან ეს ადამიანი, გეგა შენგელიას საარჩევნო შტაბთან ორჯერ ჰყავს შემჩნეული, როდესაც ბავშვებს ასეირნებდა. ის ამბობს, რომ მამაკაცის ვინაობა არ იცის.
“შევნიშნე, ერთი და იგივე პიროვნება ჩვენს ქუჩაზე. ხუთჯერ გავედი და ხუთივეჯერ იჯდა სიცხეში…რა თქმა უნდა, საეჭვოდ მომეჩვენა. ყოველ წუთს ურეკავდა ტელეფონი და რომ პასუხობდა, ეუბნებოდა: “ერთი წუთი არ მცალია, დაგირეკავო. ეს თვალთვალია, მეტი რა უნდა იყოს, აბა… დარწმუნებული ვარ ამაში…მე ამ მამაკაცს ვიდეოც გადავუღე”, – ამბობს ქარდავა. თუმცა, სატელეფონო ჩანაწერი მან მხოლოდ ერთადერთ არხს – “რუსთავი2”-ს გადასცა და ამავე დღეს, ყველა მედიასაშუალებას, ვინც მისი ჩაწერა მოისურვა, ინტერვიუ მხოლოდ ამ არხის თანდასწრებით მისცა. ქარდავამ “კვირას” ჩანაწერი მხოლოდ ტელეფონში ანახა. ამბობს, რომ კადრებში მამაკაცი ჩანს, ვინც მას უთვალთვალებდა. თუმცა, ჩანაწერში ჩვენ მხოლოდ უცხო ადამიანის კიდურები დავინახეთ და მისი ხმა მოვისმინეთ, გაურკვეველი ტექსტით – “ტექდათვალიერებას გადის ჩემი მანქანა” – ეს, როგორც ჩანს, თვალთვალთან დაკავშირებით, მარიკა ქარდავას ერთადერთი და მთავარი მტკიცებულებაა.
ქარდავას განცხადების საფუძველზე პროკურატურამ საქმე აღძრა და ის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაკითხეს.
16 მაისი – მარიკა ქარდავა განმუხურში, გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებას დაესწრო და “კვირასთან” ინტერვიუში, ამჯერად უარყო, რომ სანდრა რულოვსის მხარდამჭერია.
“მერე რა, რომ აქ ვარ, შეიძლება 41 შემოვხაზო”, – ამბობს ის.
ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი “მტკიცებულება” და მოწმე ქალბატონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, 4 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობს. ის აფხაზეთიდან დევნილია. სოციალურ ქსელში მას პროფილის ფოტოდ 5 ნომერი აქვს დაყენებული, ხოლო გარეკანზე – სააკაშვილის პატივსაცემი შემდეგი შინაარსის ლექსი აქვს გამოქვეყნებული:
“კარზე მოდგა შემოდგომა,
დაიწყება მთაში თოვა,
არ მოელით მაგრამ, მიშა
ვარდით ხელში მაინც მოვა”.