ჭიათურაში, მაღაროელების აქციაზე, სადაც მუშა-მოსამსახურეები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, დილიდან “ევროპული საქართველოს” ლიდერები და ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი – ზურაბ კუპატაძე იმყოფებიან.
აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერები პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდნენ და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
ამის პარალელურად, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის, მაღაროელების პრობლემების მოგვარებაზე იმუშაოს.
“კომპანიასთან მუდმივად გვაქვს საუბარი იმის შესახებ, რომ მაღაროელების შრომის უფლებები, ინეტერსები თუ სახელფასო მიმართულებები ნელ-ნელა კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავიდეს. რამდენიმე თვის წინ მათ ხელფასები გაეზარდათ, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან ისეთ მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობა, რომ კიდევ უფრო მაღალი ხელფასი სჭიდებათ”, – განაცხადა მახათაძემ.
აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა “ჯორჯიან მანგანეზმა”. კომპანიის განცხადებით, მიმდინარე აქცია გარე ძალებისგან იმართება. ამასთან, აღნიშნული მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია.
„15 მაისს, საღამოს საათებში ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშათა საერთო საცხოვრებლის 170-მდე თანამშრომელმა სამუშაო ადგილებზე გასვლაზე უარი განაცხადა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს.
ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს.
გამომდინარე აქედან, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.