“ჭავჭავაძეზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, შეიძლება, მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს”

“ჭავჭავაძის პროექტზე როდესაც გვქონდა საუბარი, აღინიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ყოვლისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთი ჩაიკეტება, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.
„არის მონაკვეთები, რომლებიც ჩავარდნილია, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ეს ყველაფერი მიწისქვეშა კომუნიკაციების ბრალია, რომლის რეაბილიტაციაც აქამდე არ განხორციელებულა. გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ გამზირის გადაკეტვა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი ეტაპობრივად განვახორციელოთ, რათა ქალაქის პარალიზება არ გამოიწვიოს.
კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური, კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისი საავტობუსო ზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს.
​დაახლოებით, 2.5 კილომეტრი სიგრძის გამზირია. მაქსიმალურად შევეცდებით, ავტომობილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრობლემები არ შევუქმნათ. სანამ, უშუალოდ, სამუშაოები დაიწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება. მძღოლებსა და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუ როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როგორ იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები