კახა კალაძე: ძველი ვაგონები რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება

“აუცილებელია ახალი ვაგონების შესყიდვა, შესაბამისად, 2020, 2021, 2022 წლებში 40 ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს მუნიციპალიტეტი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით, 52 ვაგონს რამდენიმე წელში ეწურება ყველანაირი რესურსი და რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება.
​ამიტომ, კალაძის თქმით, ხელშეკრულება გაფორმდება ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც შეიმუშავებს კრიტერიუმს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი, ევროპული სტანდარტის მქონე ვაგონების შესყიდვა.
„რადგანაც ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, არ შემიძლია, მეტროში არსებულ მდგომარეობაზე არ ვისაუბრო. იცით, რომ 2018-2019 წლებში 100 მილიონი ლარი დაიხარჯება, რათა მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია განხორციელდეს. ეს არის ძალოვანი კაბელის ცვლილება, სასიგნალო და სავენტილაციო სისტემების ცვლილება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე რვა ახალი შემადგენლობა დავამატეთ და ოთხი კიდევ დაემატება სექტემბრისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, დანარჩენი ვაგონები არის 1975 წელს გამოშვებული, დაახლოებით, 52 ვაგონია და რამდენიმე წელში ეწურება ყველანაირი რესურსი – არც რეაბილიტაციას ექვემდებარება და არც განახლებას. ამიტომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ფიქრი ახალი ვაგონების შესყიდვაზე. ვაფორმებთ ხელშეკრულებას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ავსტრიულ კომპანიასთან, ILF-თან, რომელმაც უნდა მოგვიმზადოს წინადადება თავისი კრიტერიუმებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახალი, ევროპული სტანდარტის მქონე ვაგონების შესყიდვა. ასევე, მქონდა საუბარი პრემიერმინისტრთან ამ საკითხზე, ხელისუფლებიდან არის სრული მხარდაჭერა და თანხვედრაში ვართ, რომ აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და ახალი ვაგონების შესყიდვა. შესაბამისად, 2020, 2021, 2022 წლებში 40 ახალი ვაგონის შესყიდვას აპირებს მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, იცით, რომ ყველა მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები