კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს გამოწვევებზე, 19 ქვეყნის მონაწილეობით, კონფერენცია გამართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობისა (EaPeReg) და ევროკავშირის ქვეყნების (BEREC) ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების მონაწილეობით თბილისში 2-დღიანი კონფერენცია გამართა.
ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში, 19 ქვეყნის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების შეკრება პირველად საქართველოში მოხდა. ორდღიან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კონფერენციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების თავმჯდომარე ჯერემი გოდფრი ესწრებოდა.
წამყვანი ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა მე-5 თაობის (5G) მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიის დანერგვის სტრატეგია, ლიცენზიის გაცემისა და აუქციონის გამოცხადების წესები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან 5G სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომლის დანერგვასაც საქართველო წამყვან ევროპულ ქვეყნებთან ერთად გეგმავს და ამ მიმართულებით, მოწინავე პოზიციები უკავია.
თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს ინტერნეტის ხარისხის კონტროლის დანერგვისა და იმპლემენტაციის შესახებ გამოცდილება გაუზიარა.
EaPeReg-ის წევრი ქვეყნები არიან საქართველო, ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა. ორგანიზაციის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრა და ევროპასთან ინტეგრაცია.
EaPeReg-ი 2012 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ წევრი ქვეყნების მუშაობის შედეგად კომისიამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ქმედებები განახორციელა, კერძოდ, 2020 წელს ხელი მოეწერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეგიონალურ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, წევრ ქვეყნებს შორის როუმინგული მომსახურების ტარიფები შემცირდება. ამავდროულად, დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან როუმინგული ტარიფების შემცირების შესაძლებლობის თაობაზე.
ქსელის საქმიანობის მიზანი პარტნიორი ქვეყნების ელექტრონული საკომუნიკაციო სფეროს განვითარება და ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები