თბილისის მერია თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას დაიწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მერია თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას დაიწყებს. მისივე თქმით, აღნიშნული მონაკვეთი ეტაპობრივად გაკეთდება, რათა გამზირის მთლიანი გადაკეტვა არ მოხდეს.
„თვის ბოლოს ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. როდესაც გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (​GWP) მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობაზე, ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ, მოხდეს ჩავარდნა, ისეა დაზიანებული.
მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომლებიც ჩავარდნილია და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ – სექციებად დავყოთ, რათა მთლიანი გადაკეტვა არ მოხდეს და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში. შესაბამისად, პირველი მონაკვეთი იქნება ვარაზისხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე. ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ზუსტად ეს მონაკვეთი და პირველი რაც გაკეთდება, ეს არის მიწისქვეშა სამუშაოები.
ასევე, ვიწყებთ საფეხმავლო ბილიკებისა და განათებების მთლიანად მოწესრიგებას, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანასა და გამწვანებით სამუშაოებს. გვექნება განახლებული და ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები