ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომები ტარდება

15-16 მაისს, ბათუმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომებს მასპინძლობს.
საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის, ოთარ დანელიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის სახელით მიმართა.
„ქალაქ ბათუმში ტრადიციად ჩამოყალიბდა მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. მოხარული ვარ, რომ წელს საქართველო ასამბლეის ორი კომიტეტის სხდომას მასპინძლობს და კომიტეტების დღის წესრიგის ფარგლებში განვიხილავთ ჩვენი ქვეყნებისთვის ორ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი მისასალმებელ სიტყვაში კომიტეტების სხდომაზე განსახილველ საკითხების მნიშვნელობას შეეხო და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას და ის პარლამენტის მიერ აირჩევა 6 წლის ვადით. ომბუდსმენის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია საჯარო მმართველობის გასაუმჯობესებლად. ამ თვალსაზრისით, ის უზრუნველყოფს სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებას თავისი მოსახლეობის წინაშე და აგრეთვე, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის საჯაროობას“, – აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ოთარ დანელია მდგრადი განვითარების კუთხით მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებებსაც შეეხო და ამ მიზნით განხორციელებული აქტივობები გამოყო. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე და მიღებული აქვს არაერთი რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების კონსერვაციის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ უფრო აქტიურად მოხდეს ზემოაღნიშნული საკითხების განხილვა და კიდევ მეტად განვითარდეს ამ მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეკრებაც სწორედ ამის დამადასტურებელია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ღონისძიების მონაწილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე მიესალმა და საერთაშორისო საპარლამენტო შეხვედრის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბათუმისთვის დიდი პატივია მსგავსი ფორმატის შეხვედრების მასპინძლობა, რაც ქალაქის ცნობადობას და პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობის მეთაურმა აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული აქტივობები შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს.
ღონისძიების გახსნით ნაწილში კომიტეტების წევრებს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ასაფ ჰაჯიევმა, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ და კომიტეტის ხელმძრვანელებმა მიმართეს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტს და შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებს საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია და დელეგაციის წევრები: ზაზა გაბუნია და რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები