იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ზაზა ხარებავა არასამთავრობო ორგანიზაციებს განცხადებით პასუხობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ზაზა ხარებავა არასამთავრობო ორგანიზაციების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის კრიტერიუმებს. განცხადების თანახმად, ეს ფაქტი მისი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენისა და მიმდინარე პროცესებისაგან ჩამოშორების მცდელობაა.
„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ა(ა)იპ ფონდ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ “აფხაზეთს”, რომელმაც 2017 წელს წარმადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტის წინაშე, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მე, საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში წარვადგინე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში წარმოებდა სასამართლოში. გარდა ამისა, არსებობს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მოიძიონ სხვა საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც განხილული იყო სხვადასხვა სასამართლოში და რომელშიც ჩემი წარმდგენი სუბიექტი მონაწილეობდა კანონით გათვალისწინებული წესით.
​გარდა ამისა, ჩემი, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლეგიტიმაციისათვის, მთავარი და სრულიად საკმარისია ის გარემოებაც, რომ ჩემი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის, ჩემი სამუშაო გამოცდილება, დაახლოებით, 2-ჯერ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ცენზს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ჩემი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენისა და მიმდინარე პროცესებისაგან ჩემი ჩამოშორების მცდელობა, რაც არ უნდა შედიოდეს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მხარდაჭერის ინტერესებში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არამოსამართლე წევრისთვის, ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. მათი განმარტებით, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევით “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნა დაირღვა, ვინაიდან ორგანიზაცია, რომელმაც ხარებავას კანდიდატურა წარადგინა, არ აკმაყოფილებდა კანონით მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები