საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები კახეთის რეგიონს ესტუმრნენ

0

საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი პარლამენტარები საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ.
კახეთში სტუმრობისას, სტუმრებმა გურჯაანში, ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ მოინახულეს. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები „კახეთი-იონის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და მუშაობის პროცესს გაეცნენ. სამედიცინო ცენტრი საფრანგეთის იონის დეპარტამენტსა (ბურგუნდიის მხარე) და კახეთის რეგიონს შორის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.
გურჯაანში, ფრანგი პარლამენტარები ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიას „Bolero & Co“-საც ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ და ღვინის საცავები დაათვალიერეს. სტუმრებმა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიც დააგემოვნეს.
დღესვე, დელეგაციის წევრებმა კაჭრეთის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი „აისი“ მოინახულეს. სტუმრები გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამებს, დაინტერესდნენ სწავლის დაფინანსების საკითხებით, ასევე დაათვალიერეს სასწავლო კორპუსი, აუდიტორიები, ლაბორატორიები და კოლეჯის ღვინის სახლი.
საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი დასაწყისია შემდგომი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
„საფრანგეთის პარლამენტში 2017 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და ეს პირველი ვიზიტია ამ ფორმატის ფარგლებში. შესაბამისად, ასეთი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს შემდგომი ურთიერთობის განვითარებას და კიდევ უფრო გაღრმავებას როგორც პარლამენტებს შორის, ასევე ქვეყნებს შორის.
ჩვენ დავათვალიერეთ კახეთის და ბურგუნდიის, ამ ორი რეგიონის მეგობრობის შედეგად არსებული ძალიან საინტერესო პროექტები, რომლითაც სტუმრები მოიხიბლნენ და გამოთქვეს სურვილი, სხვადასხვა მიმართულებით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაზე, რაზეც უკვე დაიწყო მსჯელობა და დარწმუნებულ ვარ, რომ მომავალში ისინი აუცილებლად განხორციელდება“,-აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის, ჟან რენე კაზნევის განცხადებით, ვიზიტის მიზანი, პირველ რიგში, იმ დიდი მეგობრობის განვითარება და გაღრმავებაა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის და რომელიც არსებობს ფრანგ და ქართველ ხალხთა შორის.
„აქ ვართ ჩამოსულები იმისთვის, რომ გავიგოთ რომელ სფეროებში შეიძლება ურთიერთობების გაღრმავება – იქნება ეს ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო თუ სხვა სფეროები“,-განაცხადა ჟან რენე კაზნევიმ.

კომენტარები

კომენტარი