კახა კუკავა: ჩვენი მიზანია “შუაშისტური” სპექტრის კონსოლიდაცია (ვიდეო)

„დღეს საარჩევნო გარემო არის ორპოლუსიანი: ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა აჯობოს „ქართულ ოცნებას“, ან – „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენი მიზანი კი არის სწორედ, აი, ამ “შუაშისტური” სპექტრის კონსოლიდაცია. ასეთ შემთხვევაში იქნება არა ორი დომინანტი, არამედ – მესამე”, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, კახა კუკავამ განაცხადა. მისი ორგანიზებით, რამდენიმე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას იწყებენ სახელწოდებით – „მშვიდობიანი პოლიტიკური ტრანსფორმაცია 2020“. დისკუსიაში მონაწილე პარტიებს შორის არ არიან არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – შესაძლოა თუ არა, საარჩევნო რეფორმირების ირგვლივ გაერთიანებულმა ძალებმა 2020 წლის არჩევნებში კოალიციის სახით მიიღონ მონაწილეობა? კახა კუკავა აცხადებს, რომ მისთვის მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მისაღებია.
„კონკრეტულად ჩვენი გუნდი – „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ დიახ, აქ შეკრებილი საზოგადოება იქნებოდა ყველაზე ეფექტური კონკურენტი და ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, – ამბობს კახა კუკავა.
ცნობისათვის, ჯგუფის შემადგენლობაში არიან პარტიები: „თავისუფალი საქართველო“, „ახალი მემარჯვენეები“, „ქრისტიან დემოკრატები“, „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“, კოკო გამსახურდიას „თავისუფლება“ და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, დავით ჭიჭინაძე, ნატო ჩხეიძე და მირიან წიკლაური.
​კახა კუკავას ორგანიზებულ კონფერენციაში მიწვეული იყო „პატრიოტთა ალიანსი“ და დავით უსუფაშვილის პარტიაც, თუმცა დღეს ისინი კონფერენციაზე არ გამოჩენილან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები