“მაგ ქალს ზუგდიდში არ შემოვუშვებ” – შსს-მ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გელა კვარაცხელია დააკავა (ვიდეო)
ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ერთი პირი დააკავა. დაკავებული გელა კვარაცხელიაა, რომლის თქმითაც სანდრა რულოვსსა და მასთან ერთად მყოფ პირებზე თავდასხმის მიზეზი ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სიტყვები იყო.
“ზვიად გამსახურდიას გამო ყოველთვის მზად ვიყავი და ვიქნები. ზვიადის გამო ციხეში ჩავჯდები. მე ყოველთვის ვიბრძოდი შევარდნაძისა და ჯაბა იოსელიანის ბანდის წინააღმდეგ. მე მაგ ქალს, სანდრას, სამეგრელოში არ შემოვუშვებ. ეს სამეგრელოა, ეს არ არის ჰოლანდია. “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ მაქვს”, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დადიანების ეზოში, სადაც გადაცემა “ლუსტრაციას” ჩაწერა მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, ამავე მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი ყვირილითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა სანდრა რულოვსს, გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და მათ ფიზიკურადაც შეეხნენ.
ცნობისთვის, ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა განუცხადა. მისივე თქმით, გამოკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს შს მინისტრი – გიორგი გახარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო ყველა ინციდენტი დეტალურად იქნება გამოძიებული და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება, ყველა დამნაშავე დაისჯება. ამის შესახებ გახარიამ უსაფრთხოების თემატიკაზე მომუსვე ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი. ჩვენ, როგორც წინა არჩევნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებები მივიღეთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები შეფასებული იყო, როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე – მიეცემა პასუხისგებაში.
არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ – წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, გამოხატონ თავიანთი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.