თამარ ჩუგოშვილი: არჩევნები უნდა წარიმართოს მშვიდ და სამართლიან გარემოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი 19 მაისს გასამართ შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობენ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი და შესაბამისი საარჩევნო პროცედურები სათანადოდ იყოს დაცული.
„მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნებია, არის საკმაოდ მნიშვნელოვანი არჩევნები იმიტომ, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს. როგორც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თბილისში ტარდება საპარლამენტო, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, ხოლო ბევრ საარჩევნო ოლქში მიმდინარეობს თვითმმართველობის ერთეულების არჩევნები. ძირითადად, წინასაარჩევნო გარემო მიმდინარეობს განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე, მშვიდ ვითარებაში, რაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია არჩევნებისთვის და, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მომართულია და მობილიზებულია იმისთვის, რომ, ასევე, დასრულდეს ეს არჩევნები კვირა დღის ჩათვლით. არჩევნები უნდა წარიმართოს მშვიდ, სამართლიან გარემოში. ამისთვის მომართულია როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე – შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება. ცესკო და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობენ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმისთვის, რომ არჩევნების პერიოდში იყოს უზრუნველყოფილი წესრიგი და შესაბამისი საარჩევნო პროცედურები სათანადოდ იყოს დაცული. საკმაოდ მრავლად აკვირდებიან დამკვირვებელი ორგანიზაციები – როგორც ადგილობრივი, ასევე – საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ არჩევნებს და მე ვფიქრობ, იქნება სწორი და ობიექტური შეფასება მიმდინარე პროცესებისა და მოვლენებისა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. პირველი ვიცესპიკერის განცხადებით, დეზინფორმაციული ელემენტების შეტანა საარჩევნო პროცესში, რისი შემთხვევებიც უკვე იყო, აზიანებს საარჩევნო გარემოს. თამარ ჩუგოშვილმა ყველა საარჩევნო სუბიექტს მსგავსი მეთოდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცემა. „ბუნებრივია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნები ბოლომდე იქნას წარმართული ისეთ მშვიდ ვითარებაში და კიდევ უფრო მეტად, როგორც დღემდე მოვედით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ ის, რომ, სამწუხაროდ, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაციული ელემენტები იქნა შეტანილი საარჩევნო პროცესში. ასეთი ელემენტები საარჩევნო გარემოს საკმაოდ აფუჭებს, ქმნის გარკვეულ ტოქსიკურ გარემოს და, შესაბამისად, მინდა, მოვუწოდო ყველა სუბიექტს, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობს, რომ ასეთი მეთოდებისგან თავის შეკავებით გავაგრძელოთ მუშაობა, არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენს ამომრჩევლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ ამ პროცესში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, სადაც შუალედური არჩევნებია დანიშნული, საარჩევნო აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მოვუწოდო ჩვენს ამომრჩევლებს, რომლებიც ცხოვრობენ და რეგისტრირებული არიან იმ ოლქებში, სადაც არჩევნები მიმდინარეობს, რომ აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის ხმა არის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეული ხმა ამომრჩევლისა შეიძლება, იყოს გადამწყვეტი საარჩევნო პროცესში. შესაბამისად, ყველა მოქალაქის მონაწილეობა, ვისაც, ბუნებრივია, ეს ეხება, ამ არჩევნებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მათ, რომ კვირას წავიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი ნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატს კვირას, 19 მაისს გამართულ არჩევნებში ღირსეული გამარჯვება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები