მედიკო მარგოშვილი: ცოცხალი თავით, პარლამენტის წინ აქციას არ დავშლით

მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლის, მედიკო მარგოშვილის თქმით, ისინი პარლამენტის წინ აქციის დაშლას არ აპირებენ. როგორც მან აღნიშნა, აქციები გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ.
„ჩვენ, ცოცხალი თავით, პარლამენტის წინ აქციას არ დავშლით. არ მგონია, რომ მალხაზი დააკავონ. დღეს დილით მოვისმინე ჩანაწერი. ვფიქრობდი, რომ მივიდე ტელევიზიაში და სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნო – თავის ძმისშვილს არიგებს. გოგაშვილზე ამბობს, რომ მაგის ვინაობა დაადგინოს, საფლავი რომ იცოდეს. ერთი სიტყვა ისმის – „უნდა ავაფეთქოთ გოგაშვილი“.
წარმოიდგინეთ, შვილჩაცხრილული მამა ასეთი ტრაგედიის მერე ქუჩაში დგას წელიწად-ნახევარია და სამართალს ვერ პოულობს“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.​
მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა, ტერორისტად წარმოაჩინოს მათი ოჯახი – მათი ეთნიკური უმცირესობიდან გამომდინარე.
„გოგაშვილს შვილი მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოუკლა და იმიტომ არის მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტი?! სიტყვა “ტერორისტი” ძალიან დაიზეპირეს ჩინოვნიკებმა. რამდენი მკვლელობა მოხდა, ერთი კვირის წინ ოთხი ადამიანი მოკლეს, მაგრამ ტერორისტიაო – ჯერ არავის უთქვამს. უბრალოდ, ჩვენს ხეობას, ეთნიკური უმცირესობიდან გამომდინარე, უნდათ, რომ ასეთი სახელი დაარქვას ამ სახელმწიფომ. არ ვიცი, ამას რა დავარქვა“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილის მეუღლემ.
როგორც მან აღნიშნა, სპეცოპერაციის ჩატარებიდან მეორე დღეს იოსებ გოგაშვილი პანკისში ჩავიდა და მასთან შელაპარაკებაც ჰქონდა.
„ჩემს შვილთან ვითხოვდი შესვლას. გზაში შემხვდა, მე და გოგაშვილს გვქონდა შელაპარაკება. მე არც ვიცოდი, მაშინ ვინ იყო გოგაშვილი. მან მითხრა, ვინ გყავდათ სტუმრებიო. თითის დაქნევით მითხრა, ხომ გახსოვს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რა მოხდაო? სტუმრები ვინ გყავდაო. სტუმრებს ვის გულისხმობთ, არ ვიცი, მაგრამ სალოსზე რაც მოხდა, ვუყურე, მერე რა შუაშია-მეთქი? თითის დაქნევით მითხრა, ძალიან კარგად იცი, რაც არისო“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები