გიორგი შენგელია: ზუგდიდში შემოსავალი 30%-ით გაიზრდება
“ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი იქნება”, – ეს განცხადება ზუგდიდის მერობის მმართველი პარტიის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებით თხილის მიმართულებით ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.
შენგელიას ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროცესში თხილის მწარმოებელთა ასოციაციაცაა ჩართული.
„50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესაწამლი ღონისძიებების გატარებაში, რაც დამატებით კომპონენტს შეიცავს და წელს გაცილებით ეფექტური იქნება. თუ შარშან ამ წამლობით ჩვენ გადავარჩინეთ ციტრუსისა და სიმინდის მოსავალი, წელს ეს პროცესები გაცილებით დადებით ფაქტორებს იქონიებს თხილის მოსავალზეც. ასევე, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ვაწარმოებთ პლანტაციების შეწამვლას, რაც 30%-ით უფრო მეტ მოსავალს მოიყვანს ჩვენს მუნიციპალიტეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი და მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა – ეს არის თხილის სექტორში არსებული პრობლემა, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.