ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრანტებს ტყის აღდგენის პროექტი გააცნო. პროექტის საფუძველზე, გასულ წელს 144 ჰა ფართობზე უკვე განახორციელდა დარგვის სამუშაოები. მხოლოდ შემოდგომაზე 250 ათასამდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. გაზაფხულზე ტყის აღდგენის სამუშაოები, ასევე, 144 ჰა ფართობზე გაგრძელდება და, ჯამურად, 35 ათასამდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგვება. დღესვე სოფელ დაბის მიმდებარედ სტუდენტებმა 50-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.