15 წლის წინანდელი სპორტული ინვენტარი ენმ-მ ახლად გაასაღა და ზაურ დარგალი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა (ვიდეო)
15 წლის წინანდელი სპორტული ინვენტარი ენმ-მ ახლად გაასაღა და მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. საქმე საარჩევნო პერიოდში გადაღებულ ფოტომასალას ეხება, რომელიც ზაურ დარგალმა სოციალურ ქსელში განათავსა და სადაც მმართველი გუნდის კანდიდატის სპორტსკოლის პედაგოგთან შეხვედრაა ასახული. მათ ხელში სპორტული ნივთი – პროტექტორი უჭირავთ. როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა მიიჩნიეს, რომ დარგალმა მარნეულის სკოლას საჩუქარი გადასცა და ამ თემას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ხელისუფლების კანდიდატი პრიორიტეტულ მდგომარეობაში იმყოფება, ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს და კანონს არღვევს:
“ზაურ დარგალმა სპორტსკოლას საჩუქრად ინვენტარი გადასცა, რაც კანონის დარღვევაა. მან თავისივე “ფეისბუქგვერდზე” განათავსა ეს ფოტომასალა, სადაც ჩანს გადაცემული საჩუქრები”, – განაცხადა მელიქიშვილმა.
ზურაბ მელიქიშვილის ბრალდებებს “ქართული ოცნების” შტაბში აბსურდულსა და მოსახლეობის განგებ შეცდომაში შეყვანის მცდელობას უწოდებენ. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა განმარტა, რომ სავალალო მდგომარეობაში არსებული ინვენტარი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას ერთ-ერთი სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა აჩვენა და სთხოვა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსწავლეებისთვის ახალი ნივთები შეეძინათ.
“ენმ პროვოკაციულ სტილში აგრძელებს მუშაობას. სიმართლე არის ის, რომ კანონს თავად მუდმივად არღვევენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ”, – აღნიშნავს ზაურ დარგალი.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დარგალმა სპორტულ სკოლას ინვენტარი გადასცა, ამავე სასწავლებლის პედაგოგიც უარყოფს.
“ინვენტარი, რომელიც ფოტოზე ჩანს, ჩემი ბავშვობის დროინდელია, მე ბავშვობაშიც კი ამით ვვარჯიშობდი… ძალიან სირცხვილია მსგავსი განცხადებების გაკეთება”, – ამბობს სამირ ბადიევი.
სპეციალურ ბრიფინგზე ზურაბ მელიქიშვილმა ბრალდება ადგილობრივ ხელისუფლებასაც წაუყენა და განაცხადა, რომ ის განათლების რესურსცენტრს აიძულებს, მასწავლებლები “ქართული ოცნების” კანდიდატის შეხვედრებზე იძულებითი წესით შეკრიბონ.
“ენმ-ის ბრალდებას “კვირასთან” მარნეულის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქენან ომაროვი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, პედაგოგები საარჩევნო პროცესებში არ არიან ჩართული.
“ჩვენი მხრიდან არც მოთხოვნა და არც დავალება ყოფილა პედაგოგების მიმართ, რომ ისინი უნდა დაესწრონ ზაურ დარგალის შეხვედრებს. სამუშაო საათებში დირექტორებიც და პედაგოგებიც სამუშაო ადგილებზე იმყოფებიან”,- აცხადებს ქენან ომაროვი.