ენმ ზუგდიდში სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ პლაკატების გაკვრაში “ოცნებას” ადანაშაულებს

ზუგდიდში სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ პლაკატების გაკვრაში, სადაც რულოვსის წიგნიდან ციტატაა მოყვანილი და  რომელშიც ის ზვიად გამსახურდიას “არაფორმალური ბანდფორმირებების შემქმნელად” მოიხსენიებს, გაერთიანებული ოპოზიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით “კვირასთან” კომენტარი სანდრა რულოვსმაც გააკეთა და “ძველი ჩვენება” კიდევ ერთხელ შეცვალა:

“ყველასთვის ცხადია. რაც შეეხება იმ თემას, რო 90-იანი წლების შესახებ პატარა აბზაცი დავწერე ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში , რომელიც მაინცდამაინც არ არის სამეცნიერო ნაშრომი უახლოეს ისტორიაზე, მე უბრალოდ შევქმენი ფონი, რომ იმ დროს იყო დაჯგუფებები, დაპირისპირებები და ცუდი სიტუაცია . იქ მე არაფერი ზვიადზე არ მითქვამს”, – განაცხადა რუსოვსმა.

აღსანიშნავია, რომ პლაკატებზე, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გამოჩნდა,  რულოვსის ავტობიოგრაფიიდან წიგნიდან  – “იდეალისტის ნაამბობი”   ციტატაა მოყვანილი:

“90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში ორი არაფორმალური ბანდიტური დაჯგუფება მოქმედებდა და ორივეს ძარცვასა და ტერორში ჰქონდა ხელი გასვრილი. ერთი ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა (საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სამეგრელოში”, – წერდა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ავტობიოგრაფიულ წიგნში.

ზუგდიდის ქუჩებში გუშინ გამოჩენილ პლაკატებზე  1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიიდანაც არის ამონარიდი, სადაც მიხეილ სააკაშვილი გამსახურდიას „უღირს პრეზიდენტსა“ და „კავკასიელ ჰუსეინს“ უწოდებს.

“და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?”; “და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?”, – აღნიშნულია პლაკატებზე.

გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდება, “ქართულ ოცნებაში” გუშინვე უარყვეს და განაცხადეს, რომ პლაკატების გაკვრასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები