მარნეულის მერობის ​”ენმ-ის” კანდიდატი ამომრჩეველს „ოცნების“ მიერ უკვე განხორციელებულ ან დაგეგმილ პროექტებს ჰპირდება (ვიდეო)

მარნეულის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, ზაურ დარგალი “ნაცმოძრაობის” საარჩევნო პროგრამას სასაცილოს უწოდებს. დარგალმა ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილი ხელისუფლების საარჩევნო დაპირებები წაიკითხა. “თითქმის ყველაფერი, რაც პროგრამაში აქვთ ჩადებული, ჩვენ უკვე გვაქვს დაგეგმილი, ან უკვე მიმდინარეობს. ცდილობენ, შექმნან ისეთი ფონი, თითქოს, მათ პროგრამაში რადგან იყო ჩადებული, ხელისუფლება მაგიტომ აკეთებს. ეს არის მათი სამუშაო სტილი”, – განაცხადა დარგალმა.
მერობის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის საარჩევნო დაპირებებში მთავარი საკითხი ქალაქის წყალმომარაგების მოგვარება და სოფლებში გარეგანათების ბოძების დამონტაჟებაა, თუმცა რუსთავის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე ამბობს, რომ წყლის პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებულია და, ჯამურად, 55 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, შედეგი კი მოსახლეობისთვის წყალმომარაგების უწყვეტი მიწოდება და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება იქნება.
რატომ ჰპირდება “ნაციონალური მოძრაობა” მოსახლეობას იმას, რაც უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა, ან მის გაკეთებას აპირებს? – ამ კითხვით “კვირამ” აგილ მუსტაფაევს მიმართა, თუმცა მან კითხვას თავი აარიდა. კომენტარი მხოლოდ მისი საარჩევნო შტაბის უფროსმა, პრეზიდენტის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში, ზურაბ მელიქიშვილმა გააკეთა.
“რა პრობლემებიც მითითებულია ჩვენს საარჩევნო დაპირებებში, ნამდვილად არსებობს და ჩვენ, გამარჯვების შემთხვევაში, მოვაგვარებთ”, – ამბობს მელიქიშვილი.
ცნობისთვის, მუსტაფაევის საარჩევნო დაპირებებში წერია, რომ შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას “ნაციონალური მოძრაობა”, გამარჯვების შემთხვევაში, გარეგანათების პრობლემას მოუგვარებს, თუმცა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარეგანათების ბოძები 2019 წელს დამონტაჟდება და ამისთვის ბიუჯეტიდან თანხები უკვე გამოყოფილია.
კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში “ნაცმოძრაობა” ასევე გარეგანათების პრობლემის მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული პრობლემა უკვე აღმოფხვრა.
აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – ატყუებს თუ არა ყოფილი ხელისუფლება ამომრჩეველს და ცდილობს თუ არა ამ ფორმით ამომრჩევლის გულის მოგებას?

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები