მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტის კონსორციუმს სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვის ნაწილშიც დასჭირდა
“იმის გათვალისწინებით, რომ კონსორციუმს დასჭირდა სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვის ნაწილშიც, იძულებული გავხდით, ამ პროცესში ჩავრთულიყავით. მთლიანობაში, ეს არის ვალდებულება, რომელიც კონსორციუმს აქვს აღებული ხელშეკრულებით”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებთან მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმია ინვესტორი, რომლის ძირითადი ვალდებულებაა დაფინანსების მოძიება და პორტის მშენებლობა. ამიტომ, ძირითადი კითხვები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის კონსორციუმისკენ. ეს არის ვალდებულება, რომელიც კონსორციუმს აქვს აღებული და, შესაბამისად, ამ ეტაპზე ერთად ვმუშაობთ, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება იმ ცვლილებებზე, რომლებიც საჭიროა და მოთხოვნილია ინვესტორი ბანკების მხრიდან, რათა მათ კონსორციუმს სესხი გამოუყონ. ერთხელ უკვე გაიმართა შეხვედრა, გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია და კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება, რომ განვიხილოთ ინვესტორების მიერ მოთხოვნილი 8 პუნქტი და არა მარტო ეს. ვნახოთ, რით დამთავრდება ეს შეხვედრა. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ვადა, რომ შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. 15 ივნისამდე ჯერ დრო გვაქვს”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ანაკლიას სამეგრელოში რამდენიმე ობიექტის დათვალიერების ფარგლებში ეწვია.