მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით

“ანაკლიის პროექტი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონის განვითარებისა და იმისთვის, რომ ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალი ავითვისოთ. ჩვენი და, დარწმუნებული ვარ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სურვილია, რომ აქ იყოს გაჩაღებული სამშენებლო სამუშაოები “, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიაში სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრი ანაკლიას სამეგრელოში რამდენიმე ობიექტის დათვალიერების ფარგლებში ეწვია.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დამეთვალიერებინა ობიექტი, მომავალი პორტის ადგილი და განხორციელებული სამუშაოები. ეს ყველაფერი არაერთხელ გვაქვს ნანახი სხვადასხვა პრეზენტაციის დრო და დღეს უკვე ადგილზე ვნახე. მადლობა კონსორციუმს მოწვევისთვის”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ანაკლიაში სტუმრობამდე მაია ცქიტიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან – ალექანდრე მოწერელიასთან, ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატთან – გიორგი შენგელიასთან, ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან და სხვა სტუმრებთან ერთად , სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეიმისა და სხვა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ძველ ხიბულაში ადგილობრივებს ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა 29 მარტს ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. მაშინ გადაწყდა, რომ მოწესრიგდებოდა სოფლის ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა მთავარ და შიდა გზებს, მოხდებოდა გაზიფიცირება, აშენდებოდა ახალი საბავშვო ბაღი. შესაბამისი დავალებები მან ფონდ „ქართუს“ თავმჯდომარეს, ნიკო ჩხეტიანს მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები